24-10-2023 11:38:51 პოლიტიკა ,საზოგადოება
ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალ კვირას განახლდება, - იუწყება "ეხო კავკაზა" ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტ მიხეილ მალცევზე დაყრდნობით.
„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, პირველი რეისი ქუთაისის მიმართულებით შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი ავიარეისი თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა მალცევმა.
ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს "Red Wings" განახორციელებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს და კვირას შეასრულებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
ამავე თემაზე: რუსული "Red Wings"-ის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს.
ცნობისათვის: ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისები 2019 წლის ივლისში შეწყდა.
დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა თბილისი რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფრენებს ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეასრულებს.