ჯეოქეისის ბარათი

25-10-2023 13:32:50 პოლიტიკა ,ანალიზი

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი და ისრაელის დაზვერვა:

კონკრეტული გამოწვევები და განზოგადებული მოსაზრებები

ამა წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ ქვეყანა და რეგიონი ახალი სამხედრო კონფლიქტის ზღვრამდე მიიყვანა. ამ კონფლიქტის უკვე იდენტიფიცირებადი თუ პოტენციური შედეგები ფართო განხილვის საგანია როგორც ექსპერტთა მხრიდან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებში.

ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსარჩევია მრავალი მასალა, რაც სადაზვერვო საქმიანობას ეხება, - როგორც 7 ოქტომბრის თავდასხმის აღკვეთის შესაძლებლობის, ისე მომავალი საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციის თვალსაზრისით.

აღსანიშნია ისიც, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებული პროცესი საფუძვლიან მასალას იძლევა არა მარტო ისრაელის სადაზვერვო სამსახურების შეფასების, რომლებიც აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, ისე ზოგადად სადაზვერვო პრაქტიკის შემდგომი მოდერნიზებისა და თანამედროვე გამოწვევებთან მისი ადეკვატური მისადაგების მიზნით.

ამასთანავე, 7 ოქტომბრის პროცესებთან დაკავშირებული რამდენიმე ძირეული კითხვა, რაც პასუხს მოითხოვს, შემდეგნაირად ჯგუფდება:

  • პირველი კითხვა: იცოდნენ თუ არა ისრაელის სპეცსამსახურებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის შიგნით ინფორმაციის მოპოვებაზე (ცნობისათვის, ისრაელი ღაზას სექტორს განიხილავს, როგორც შიდა მიმართულებას და მასზე პასუხისმგებელია შინ-ბეტი და ამანი) ჰამასის თავდასხმის გეგმის შესახებ?

  • მეორე კითხვა: თუ იცოდნენ ამის შესახებ, რა დოზის ინფორმაცია გააჩნდათ? ეს იყო ზოგადი ინფორმაცია, რომელიც აბსტრაქტულად აღწერდა თავდასხმის იდეას, თუ უშუალოდ ცნობილი იყო კონკრეტული ნაბიჯები, თანაც დროში გაწერილი?

  • მესამე კითხვა: რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - სად დაიგეგმა ეს თავდასხმა? უშუალოდ ღაზას ტერიტორიაზე, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს? მეორე შემთხვევაში აღნიშნული კითხვა უნდა დაისვას უშუალოდ მოსადთან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის გარეთ ინფორმაციის მოპოვებაზე.

  • მეოთხე კითხვა: ზოგადად ანალიტიკური საქმიანობა დაზვერვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს არის რთული პროცესი, რომელიც პატარა ინფორმაციული ნაკადების ერთმანეთზე დაშენებით ქმნის საერთო სურათს. ამ შემთხვევაშიც იბადება კითხვა, რამდენად ეფექტურად იმუშავა ანალიტიკურმა სამსახურმა, რა სახით მიაწოდა დამუშავებული ინფორმაცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს და რა უკუკავშირი მიიღეს?

აქვე გვსურს, მოკლედ მიმოვიხილოთ ისრაელის ძირითადი სპეცსამსახურები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ამ კონკრეტული თავდასხმის იდენტიფიცირება/პრევენციაზე და ტერორისტული თავდასხმის წინასწარ განჭვრეტაზე:

  • ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო (ე.წ შინ-ბეტი/შაბაკი Shin-Bet/Shabak), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებულ სპეცსამსახურია. ორგანიზაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის შიგნით არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება/პრევენცია, ტერორიზმთან ბრძოლა, კონტრ-დაზვერვა და სხვა საჭირო ღონისძიებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სპეცსამსახურის არაბული ქვეყნების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია ღაზას სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე.

  • სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (ე.წ ამანი Aman), რომელიც არის ისრაელის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი და პასუხისმგებელი არის სამხედრო-სადაზვერვო მიმართულებაზე, მტრის სამხედრო შესაძლებლობების შეფასებასა და შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე, ისევე როგორც, ზოგადად, სამხედრო საფრთხეების ადრეულ პრევენციასა და აღმოფხვრაზე.

  • დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ინსტიტუტი, ცნობილი როგორც მოსადი (Mossad), წარმოადგენს ისრაელის საგარეო დაზვერვის ორგანოს, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საზღვარგარეთ საიდუმლო აქტივობების წარმართვას და სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, მათ შორის HUMINT, SIGINT-ის საშუალებით ქვეყნისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას ქვეყნის გარედან.

მაშასადამე, ამ ბარათის მიზანიც რამდენიმე ასეთი მოსაზრების თავმოყრა და განზოგადებაა, მათ შორის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სხვა დაინტერესებულ უწყებათა თუ პირთა საყურადღებოდ. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ ქართული დაზვერვის დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე მსჯელობის დაწყება ყველას ინტერესშია, ვინაიდან ეს ინტერესი საერთო-ეროვნული ხასიათისაა და დაყოფა-დანაწილებას ვერ იტანს.

ფაქტია ისიც, რომ ნებისმიერ კრიზისს, მათ შორის, სარგებლის მოტანაც შეუძლია, თუკი იგი სწორად გაანალიზდება და საჭირო დასკვნები დროულად გაკეთდება.

„ჯეოქეისის“ მოტივიც სწორედ აღნიშნული დისკუსიის ინიცირებაა, სრულყოფილ ანალიზზე პრეტენზიის გარეშე. ამდენად, ზემოხსენებულის გათვალისწინებითა და დათქმით, საჯარო თუ სპეციალიზებული განხილვების დასაწყებად ვაზიარებთ შემდეგ და მეტად წინარე მოსაზრებებს, სახელდობრ:

(1) ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ერთ-ერთ ჩავარდნად ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა გაფრთხილებებსა თუ მონაცემებზე სათანადო ყურადღების უგულებელყოფა;

(2) ამასთანავე, ინფორმაციის შეგროვებისა და დახარისხებისას არსებული ხარვეზები, კერძოდ, აბსტრაქტული საფრთხეების შემცველი ინფორმაციისა და კონკრეტული საფრთხეების ინფორმაციის ურთიერთგამიჯვნა შემდგომში სწორი ინტერპრეტირებისა და მიზანმიმართული რეაგირებისათვის;

(3) ებრაული დაზვერვის მიერ „ჰამასის“ თავდამსხმელების მიერ გამოყენებული ძირითადი საკომუნიკაციო არხების არასათანადო მონიტორინგი;

(4) საზღვარზე განლაგებულ ელექტრონულ სათვალთვალო სისტემებზე ზედმეტი დამოკიდებულება და არასაკმარისი HUMINT-ის გამოყენება;

(5) სასაზღვრო სამეთაურო სისტემის ერთ საგუშაგოზე კონცენტრირება, რომლის გათიშვამაც სამხედრო ძალების გარკვეული ნაწილების სხვა დანაყოფებთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახადა;

(6) „ჰამასის“ საორგანიზაციო, ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობების შენიღბვა, ისევე როგორც ისრაელის სპეცსამსახურების მხრიდან „ჰამასის“ მიერ შეცდომაში შეყვანის უნარების არასათანადო შეფასება;

(7) მიწისქვეშა სიღრუვეების (subterranean domain) ახალ საბრძოლო სივრცედ ჩამოყალიბების (რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჰიბრიდული თუ ასიმეტრიული დაპირისპირებისას) ფენომენის მიმართ შეუსაბამოდ ნაკლები ყურადღება;

(8) ხარვეზებზე საუბრისას, სხვადასხვა წყაროები, აგრეთვე, ასახელებენ ანალიტიკურ-კვლევითი უნარების დაქვეითებას;

(9) კვლევით უნარებზე საუბრისას, ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება სხვადასხვა სადაზვერვო ორგანიზაციების (ძირითადად, შინ ბეტისა და ამანის) ანალიტიკურ კვლევით დანაყოფების სუსტ კოორდინირებას;

(10) სადაზვერვო საქმიანობაში ეფექტიანობის მნიშვნელოვან დაბრკოლებად აღინიშნა ამ საქმიანობის (ძირითადად, შინ-ბეტში) დაქვემდებარება პოლიტიკური პრეფერენციებისადმი, ე.წ. „ასიამოვნე“ მიდგომის თანახმად;

(11) სისტემურ ხარვეზად სახელდება სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება-გადამუშავებისას უკვე არსებული სტერეოტიპების, აღქმებისა თუ დოგმების მახეში ჩარჩენა. ამ ე.წ. „დამკვიდრებულ კონცეფციაზე დამოკიდებულებით“ გამოწვეულმა შეზღუდვამ განაპირობა ახალი ვერსიების დამუშავებასა და მათ გასამყარებლად (ან უარსაყოფად) პირველადი მასალის მოძიებაზე უარის თქმა;

შენიშვნა: სადაზვერვო სამსახურების ისტორიაში „დამკვიდრებულ კონცეფციაზე დამოკიდებულების“ მავნე პრაქტიკამ არაერთგზის იჩინა თავი სხვადასხვა ხასიათისა თუ მასშტაბის მოვლენებში (1941 წლის პერლ ჰარბორზე იაპონელთა შეტევა, 1979 წელს ირანში რევოლუცია, 1979 წელს ავღანეთში სსრკ-ს შეჭრა, 9/11 ტერორისტული აქტი და სხვ.)

(12) სადაზვერვო საქმიანობის შედეგიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა პოლიტიკოსთა და დარგის პროფესიონალთა შორის უნდობლობამ.

როგორც უკვე ითქვა, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ეს ჩავარდნა იძლევა არა მხოლოდ მათი, არამედ სხვა ქვეყნების - მათ შორის, ჩვენი ქვეყნის - სადაზვერვო სისტემათა კრიტიკული რევიზიის წინაპირობას. აქ განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოვლენები სწრაფად იცვლება, მონაწილეთა რაოდენობა მატულობს, ისევე როგორც მათ შორის ინტერაქცია მრავალფეროვნდება.

კვლავ იმ დათქმით, რომ „ჯეოქეისს“ ვერ ექნება ამ ბარათის რეკომენდაციების ნაწილში სისრულეზე პრეტენზია, - არამედ მხოლოდ დისკუსიის გასახსნელად - შემოკლებული სახით სულ რამდენიმე სარეკომენდაციო მოსაზრებას წარმოგიდგენთ:

(1) სადაზვერვო ანალიზი და მონაცემთა დამუშავება საჭიროებს ყველა შესაძლო და ალტერნატიული ვერსიისა თუ დაშვების ანალიზს. ამ მიზნით, სასურველია, პროცესში „გარე მონაწილეთა“ ჩართვა, ვინც სადაზვერვო მონაცემების შესაკრებად მოქმედებათა დაგეგმვაში არ მონაწილეობდა;

(2) მიზანშეწონილია, რომ სადაზვერვო მასალის მოპოვება წარმოებდეს ყველა შესაძლო და ალტერნატიული ვერსიისა თუ დაშვების მიმართულებით და არა მხოლოდ პრეფერენციულად - ანუ, იმ ვერსიების გასამყარებლად მხოლოდ, რაც „პოლიტიკურად სიამოვნებას“ ან „დამკვიდრებულ კონცეფციაზე დამოკიდებულებას“ პასუხობს;

(3) აუცილებელია დამკვიდრებული აღქმების მუდმივ ცვალებად რეალობასთან რეგულარულ რეჟიმში დაპირისპირება;

(4) თანმდევი და აუცილებელი „სავარჯიშოა“ რეტროსპექტივაში გამოყენებული მიდგომების, პრაქტიკის და აღქმების დებრიფინგის ფორმატში გადაფასება, როგორც მათი სარგებლიანობის, ისე საზიანოობის კუთხით;

(5) კვლავინდებურად აქტუალურია სადაზვერვო საქმიანობაში ადამიანური ოპერატიული წყაროების მნიშვნელობა ტექნოლოგიური საშუალებების კვალდაკვალ;

(6) კრიტიკულია უწყებრივი განხილვის ფორმატში ჯანსაღი ინსტიტუციონალური პრინციპების დამკვიდრება რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, გულისხმობს აზრის გამოთქმის თავისუფლებას, მოსაზრებათა სიმრავლეს და თანამდებობრივი რანგით უმცროსთა მიერ თანამდებობრივი რანგით უფროსებთან საქმიან კამათს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა შედეგითა და საერთო ინტერესით ნაკარნახევი თვისობრივად ეფექტიანი სამუშაო კულტურის დამკვიდრება.

გიორგი ანთაძე

ვახტანგ კაპანაძე

ნიკოლოზ ხატიაშვილი

ვიქტორ ყიფიანი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები