
ფაშინიანი: არსად წერია, რომ რუსეთის რომელიმე ორგანოს უნდა ჰქონდეს კონტროლი სომხეთის ამა თუ იმ ტერიტორიაზე
26/10/2023 10:24:00 კავკასია
სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშიანის განცხადებით, არ არსებობს ცალკე დღის წესრიგი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კომუნიკაციებთან დაკავშირებით და რომ ეს განიხილება მხოლოდ რეგიონული კომუნიკაციების გახსნის კონტექსტში. ამის შესახებ სომხეთის ლიდერმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შეასრულოს თუ არა რუსეთის FSB-მ როლი ამ დერეფნის მართვაში, თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ფაშინიანმა უპასუხა, რომ არსად წერია, რომ რუსეთის ფედერაციის რომელიმე ორგანოს უნდა ჰქონდეს კონტროლი სომხეთის რესპუბლიკის ამა თუ იმ ტერიტორიაზე:
„არსად წერია, რომ სომხეთის რესპუბლიკა თანახმაა ან აპირებს შეზღუდოს ან შეკვეცოს სომხეთის რესპუბლიკის რომელიმე სუვერენული უფლება. არსად წერია, რომ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დაკისრებული რაიმე ფუნქცია სხვას უნდა გადაეცეს. არსად არ წერია და არც ივარაუდება, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოება სხვამ უნდა უზრუნველყოს. მსგავსი არაფერი დაწერილა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ჯამში, მისი თქმით, მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ჯარების მისიის წარუმატებლობის შემდეგ ბევრი კითხვა ჩნდება:
„კითხვები ლეგიტიმურია, რადგან წარუმატებლობაში ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს, უზრუნველეყონ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოება. აქ ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვები, მაგრამ მეორე მხრივ, არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება იყოს საუბარი სომხეთის რესპუბლიკის რაიმე სუვერენული უფლებების შეზღუდვაზე“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ რეგიონული კომუნიკაციების გახსნა უნდა მოხდეს ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის საფუძველზე.
მისი თქმით, ამის შედეგად აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს შეუძლიათ სატრანსპორტო კავშირები ჰქონდეთ ნახიჩევანთან, მათ შორის სომხეთის ტერიტორიის გავლით, ხოლო სომხეთს შეეძლება, გამოიყენოს იგივე გზები მის სხვადასხვა ნაწილებს შორის, მაგალითად, სარკინიგზო კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„და ჩვენ ვამზადებთ ამ წინადადებას, მზად ვართ ამ გადაწყვეტილების მისაღებად და ამ წინადადებას ვუწოდებთ „მშვიდობის გზაჯვარედინს“ და ვიწვევთ ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ ეს პროექტი ერთად განხორციელდეს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მოგვიანებით მან ამ პროექტზე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრა, ისაუბრა აზერბარჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მოლოდინზე, ზანგეზურის დერეფნის გახსნის პირობებზე და თქვა ისიც, რომ სომხეთის ძალოვან უწყებაში ყალიბდება ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დერეფნების უსაფრთხოებას. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთი არ განიხილავს, ზანგეზურის დერეფანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია რუსულ სპეცსამსახურებს გადააბაროს.
ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ერევანი არ განიხილავს სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნის საკითხს.
„ჩვენ ახლა უფრო მეტად განვიხილავთ სხვა საკითხებს – ვცდილობთ, გავიგოთ, რა არის ამ სიტუაციის მიზეზი და, რა თქმა უნდა, ასევე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სამუშაო დისკუსიების დღის წესრიგი სომხეთსა და რუსეთს, სომხეთსა და ОДКБ–ს შორის“, - დასძინა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აგრძელებს სომხეთი ამ ორგანიზაციის წევრად ყოფნას, თუ ალიანსი არ ასრულებს თავის ფუნქციებს, ფაშინიანმა უპასუხა: „სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩვენ საკითხების განხილვის ეტაპზე ვართ, რადგან არ გვინდა, ОДКБ–ში არასწორად გაგვიგონ რომელიმე საკითხზე ან ჩვენ გავიგოთ რაიმე არასწორად. ამისათვის გვჭირდება თანმიმდევრული მუშაობა, სანამ მომენტი არ დადგება რაიმე დასკვნის გამოტანისთვის".