
სოხუმის აეროპორტს რაშიდ ნურგალიევის კომპანია ეპატრონება
27/10/2023 18:26:53 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის აღდგენა-პატრონობა რუსულ კომპანია «Инфраструктурное развитие»-ს ჩააბარა, რომლის მფლობელი რუსეთის შს ექს-მინისტრის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟია.
დღეს, 27 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ცერემონიას დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, აფხაზური პარლამენტის დე ფაქტო სპიკერი ლაშა აშუბა და სხვა მაღალი აფხაზი ჩინოსნები ესწრებოდნენ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, "სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შესახებ" შეთანხმების საგანს საავიაციო მიმოსვლის განახლების მიზნით სოხუმის აეროპორტის ქონებრივი კომპლექსის აღდგენა წარმოადგენს.
დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით პროექტის განმახორციელებელი რუსული კომპანია კონკურსის საფუძველზე შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია «Инфраструктурное развитие» 2023 წლის 10 ივლისს დარეგისტრიდა და მისი ცენტრალური ოფისი, დოკუმენტაციის თანახმად, მოსკოვში, კერძო საცხოვრებელ სახლში მდებარეობს. კომპანიის ხელმძღვანელი - სერგეი გრიბკოვი ადრე მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტის სტრუქტურებთან დაკავშირებულ კომპანია Airport Management Company Limited-ში მუშაობდა.
რაც შეეხება რაშიდ ნურგალიევს, რომლის ვაჟი ხსენებული კომპანიის ერთადერთ მფლობელადაა დარეგისტრირებული, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მაგალითად, თებერვალში მან მოსკოვში დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიღო.
ცნობისთვის: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა. ICAO-მ აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.