Accentnews.ge
შსს-ს თანამშრომლი, რომელმაც მაღალჩინოსნები ამხილა: ომბუდსმენმა შემდგომ რეპრესიებს "მწვანე შუქი" აუნთო

შსს-ს თანამშრომლი, რომელმაც მაღალჩინოსნები ამხილა: ომბუდსმენმა შემდგომ რეპრესიებს "მწვანე შუქი" აუნთო

30/10/2023 17:43:50 სამართალი, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველმა შეწყვიტა მისი საქმის წარმოება, რომელშიც ის შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ედავებოდა მის მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას.

რაზმაძემ 11 ივლისს საჯაროდ ისაუბრა უწყების მაღალჩინოსნების და გენერალური ინსპექციის მხრიდან მის მიმართ ღირსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობაზე.

იხილეთ ასევე: საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლის მიერ მაღალჩინოსნების მხილებაზე გამოძიება არ დაიწყო და საქმე გენინსპექციას გადაუგზავნა

რაზმაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად „მწვანე შუქი“ აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას მის წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში.

„მთელი პროცესის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი მაშინდელი აღქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ საჯაროდ პრეტენზიები არ გამომეხატა და დავლოდებოდი საქმის შესწავლის შედეგებს.

ივლისის თვეში, გენერალურ ინსპექციაში ჩემ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სახალხო დამცველს შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ლევანი დამპირდა შეხვედრას, თუმცა ჩემთვის ვერ მოიცალა, რასაც მალევე ჩემი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაბარება მოჰყვა ( ვერ/არ დამიცვა).

თუმცა, ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.

აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ ,,ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს". ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს ,,მჭიდრო თანამშრომლობის" საუკეთესო მაგალითი",– წერს ის სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება საქმის შეწყვეტის დასაბუთების ნაწილს, რაზმაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატის არსებობის ისტორიაში დისკრიმინაციის შემთხვევაზე "მსგავსი სამარცხვინო დასაბუთება არასდროს დაწერილა":

სახალხო დამცველს გადაწყვეტილებაში აღნიშნული აქვს, რომ განმცხადებელს მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება, რომელიც შექმნის ვარაუდს დისკრიმინაციის თაობაზე, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. თუმცა სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი ამ საქმეში მე - განმცხადებელს დამაკისრა.

სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩემი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არცერთი პირი, რომელიც ჩემი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის და რომლის გამოთხოვის კანონისმიერი შესაძლებლობა მე არ მქონდა.

გადაწყვეტილების "დასაბუთებისას" სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა".

რაზმაძე შესაძლო მძიმე შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას:

  • "ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას ჩემს წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში.
  • სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს".

დასჯვნის სახით ის მიმართავს, "ამ უკანონო და უსამართლო პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს", რომ დანებებას არ აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S