01-11-2023 13:26:18 ეს საინტერესოა
როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ორი სანქცია – სავიზო რეჟიმი და ფრენების შეზღუდვა – მიმდინარე წლის მაისში გააუქმა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს საზოგადოებას შესთავაზა რუსეთის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებად, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები არ გამართულა უკრაინაში კრემლის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ.
ინფორმაციისთვის: მათ შორის, ამ თემას პროპაგანდისტული მიზნებისთვის ინტენსიურად იყენებენ რუსი სხვადასხვა დონის ოფიციალური პირები და კრემლის ადგილობრივი მხარდამჭერები, ცდილობდნენ რა მის რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობებში „პოზიტიურ დინამიკად“ წარმოჩენას.
30 ოქტომბერს იუთუბ–არხმა „კიბერ კმარამ“ მორიგი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ვიდეოს ავტორების თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის 2022 წლის 15 მარტს შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხება რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე. კერძოდ, აუდიოჩანაწერის მიხედვით, კარასინი აბაშიძეს ურეკავს და აზრს ეკითხება, რამდენად მიზანშეწონილია დროის ამ მონაკვეთში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება:
„შენი რჩევა მჭირდება. როგორც ხედავ, ვითარება რთულია, ჩვენი სატრანსპორტოს ხალხი ამბობს, რომ იქნებ ქართულ მხარესთან ფრენების აღდგენის მოსაზრება განვიხილოთ. ჩემი აზრია, რომ ახლა ამ საკითხების დაყენება და განხილვა ნაადრევი იქნება, შეიძლება ვცდები“ ,— ამბობს კარასინი.
რუსი დიპლომატის ამ შეფასებას აბაშიძე ეთანხმება, რის შემდეგაც გრიგორი კარასინი ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუ მხარეები მოიცდიან და ვითარების ჩაწყნარებას და სიტუაციის გარკვევას დაელოდებიან.
„სხვაგვარად, ამ კარგ წამოწყების დაუწყებლად დასრულება მოგვიწევს. ამ საკითხზე ერთი და იგივე აზრის ვართ?“ – ამბობს კარასინი, რაზეც აბაშიძე პასუხობს „დიახ, უნდა დავიცადოთ, შტორმი ჩაცხრეს“.
საუბრის ავთენტურობას დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს თავად აბაშიძე:
„მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა".
თუმცა, მას გასული წლის მარტში ამ კომუნიკაციის შესახებ არაფერი უთქვამს. მეტიც, „აქცენტის“ არქივი ინახავს ქართველი დიპლომატის 2022 წლის აპრილის კომენტარს, რომელშიც ის ამბობს, რომ ბოლო კომუნიკაცია კარასინთან თებერვალში ჰქონდა და ისიც ტექნიკურ საკითხებზე.
„ეს იყო, თუ არ ვცდები, თებერვლის პირველი ნახევარი. როგორც ყოველთვის, ხშირად არის ხოლმე ძალიან დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო, ასე შემდეგ. ძალიან დიდი რიგები იყო თოვლის გამო. სამი კვირის წინ არა, ომამდე იყო. სამი კვირის წინ ისე ვთქვი, პირობითად. ეს იყო მაშინ, როცა ძალიან დიდი რიგები იყო. ლარსზე იყო ძალიან დიდი რიგები თოვლის გამო და ჩვენ ვცდილობდით, რაღაცნაირად დაგვეჩქარებია ეს. ეს იყო თებერვლის პირველ ნახევარში. მხოლოდ საცობებთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი თებერვლის პირველ ნახევარში".
ზოგადად, მას შემდეგ, რაც აბაშიძე–კარასინის ფორმატში შეხვედრები პრაღაში აღარ იმართება, ქართული საზოგადოება მათი კომუნიკაციის შესახებ ძირითადად რუსული მედიით იტყობს. მათ შორის, გასული წლის მაისში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა დააანონსა, რომ რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს. ეს ხდება მარტის საუბრიდან ორი თვის შემდეგ.
მაისში სატელეფონო კომუნიკაცია დაადასტურა ზურაბ აბაშიძემაც, თუმცა თქვა, რომ ფრენების საკითხი არ განხილულა:
„საავიაციო რეისების აღდგენის საკითხი არ განხილულა. მუშაობას ჩვენ ვერ დავუშლით; გუშინ ამ საკითხზე არ გვისაუბრია“.
მეტიც, მაშინ ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე რუსეთთან საჰაერო ფრენების განახლების საკითხის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს:
“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რას მუშაობენ და როგორ მუშაობენ ამაზე, ამის თაობაზე მოსკოვში ჰკითხეთ. არ ვიცი, რაზე მუშაოებენ. ადრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით, მაგრამ უკრაინაში შექმნილი ვითარების შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ვთვლით, რომ ახლა ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს და ეს იცის რუსულმა მხარემ”.
იგივე პოზიცია დააფიქირა აბაშიძემ 2022 წლის დეკემბერში, როდესაც თქვა, რომ საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არ არის. ხოლო მას შემდეგ, რაც კრემლის ლიდერმა საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ორი სანქცია მოხსნა, აბაშიძემ ქართულ მედიასთან მიმდინარე წლის მაისში თქვა, "ამ თემაზე ორმხრივი კონსულტაციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაა". ეს იყო პირველი დადასტურება ამ თემაზე უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ კომუნიკაციის. დღეს, მათ შორის, „აქცენტთან“ აბაშიძე კვლავ იმეორებს, რომ წელიწადი და რვა თვეა, „ამ თემებზე საერთოდ“ არ უსაუბრიათ მას და კარასინს.