
ანთაძე: ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს 7 მოქალაქეა უკანონოდ დაპატიმრებული
01/11/2023 15:14:06 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, დღევანდელი მონაცემებით უკანონოდ საქართველოს 7 მოქალაქეა დაპატიმრებული. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ, 31 ოქტომბერს, 24 საათში 2 ადამიანი გაიტაცეს – ოკუპანტებმა დააკავეს შუახნის მამაკაცი სოფელ ტახტისძირიდან. კაცი პირუტყვის სამწყემსად იყო გასული. მანამდე საქართველოს მოქალაქე სოფელ სინაგურიდან გაიტაცეს.
„დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი. გუშინ ღამის საათებში, 22:00 საათზე მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება. გარემოებები და დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. დაკავება მოხდა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე. ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ სოფელ ქარძმანთან, ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა ასევე გუშინ, ერგნეთის ტერიტორიაზე“, – თქვა ანთაძემ.
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრეცენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფორმატში წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებზე თითქმის 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
ოფიციალური თბილისის მოთხოვნა ტყვეობაში მყოფი ქართველების გათავისუფლება იყო. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე გააპროტესტა ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე სულ 3 ჯერ, მათ შორის ერგნეთში დაფიქსირდა.