Accentnews.ge
სუს-ი ადასტურებს ერაყის მოქალაქეების მიერ ენგურის ხიდით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას

სუს-ი ადასტურებს ერაყის მოქალაქეების მიერ ენგურის ხიდით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას

01/11/2023 15:49:43 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით შესვლას.

კერძოდ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ სუს–ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს.

ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული", - თქვა ანთაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად უწყობს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას ხელს, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S