
EUMM: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად
06/11/2023 18:05:51 კონფლიქტები
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განცხადებაშია ნათქვამი.
სადამკვირვებლო მისია ძალის გამოყენების ფაქტს გმობს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" გამოყენებით სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლით“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა".
„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.