Accentnews.ge
ტოივო კლაარი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება

ტოივო კლაარი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება

06/11/2023 19:39:36 კონფლიქტები

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება

„ძალიან სერიოზული შემთხვევა, რომელიც ასახავს ქართული კონფლიქტის ადამიანურ ფასს“, - წერს კლაარი სოციალურ ქსელში.

მანამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი ძალის გამოყენებას გმობს.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა".

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S