
ვაჟა გაფრინდაშვილი: სიჩუმით საქმე ვერასდროს გაკეთდება!
07/11/2023 14:15:37 კონფლიქტები, საზოგადოება
სიჩუმით საქმე ვერასდროს გაკეთდება,– ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ოკუპანტების ტყვეობაში თვეობით ყოფნის გამოცდილება აქვს.
„3 000–მდე ადამიანი იყო დაკავებული. დიდი რეაქცია რამდენიმე შემთხვევაზე იყო გამოხატული და არა ყველაზე. გამოდის, რომ თუ ცნობადი სახე არ ხარ, არ გყავს ნაცნობები, შენი ოჯახი არ აქტიურობს, ამ ქვეყანას არ ედარდები!
პირველი ოთხი–ხუთი დღე ჩემს ოჯახს აჩუმებდნენ, როგორც ყველა დაკავებულის ოჯახს, “გამოუშვებენ, პრობლემა არ იქნება“. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ე.წ. კაგებემ გამოაცხადა, რომ სასამართლო ჩატარდა და ორთვიანი წნასწარი მომისაჯეს, მეუღლე, შვილები, ახლობლები მივხდნენ, რომ გაჩუმებას აზრი არ აქვს, სიჩუმით საქმე ვერასდროს გაკეთდება. იგივე გახელაძის [ოკუპანტებმა გაიტაცეს] შემთხვევაში გაცვლა მოხდა და არა გათავისუფლება, სხვა შემთხვევებში პატიმრობის ვადა ამოიწურა და უბრალოდ გამოუშვეს. ერთდერთი ბესტაევი იყო, რომელიც მომაკვდავ მდგომარეობაში გადმოიყვანეს. სხვა მხრივ ჩვენი მთავრობის მხრიდან „აქტიურობაა“ მიჩუმათება, „არ იხმაურო, ჩვენ მოგიგვარებთ“. სამწუხაროდ, ეს „მოგვარება“ ხდება ისე, როგორც ოკუპანტს სურს და არა ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,– ამბობს ექიმი.
მან ისაუბრა გატაცების დროს გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომ ზეწოლა ჯერ იწყება რუსი სამხედროების მხრიდან, შემდეგ გრძელდება იზოლატორებში, სადაც ადამიანის უფლებებიც ელემენტარული სტანდარტები არ არის დაცული. ძირითადად, მიზანია, მოქალაქემ განაცხადოს, რომ „საზღვარი“ გადაკვეთა. ამ შემთხვევებში ადმინისტრაციული „ჯარიმით“ ხდება გატაცებულის შედარებით მოკლე დროში გათავისუფლება.
6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.