რუსეთისგან მომავალი რისკების მართვა: გზა საქართველოსთვის მედეგობის მისაღწევად

22-11-2023 20:25:19 ეს საინტერესოა ,ანალიზი

თუ ორიოდ წლის წინ ბევრი ახერხებდა რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის თვალის არიდებას, სრულმასშტაბიანმა სამხედრო ინტერვენციამ მსგავსი პოზიციონირება შეუძლებელი გახადა: თითქმის აღარავინ დავობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის უსაფრთხოება მკვეთრად შეირყა. გამოწვევები განსაკუთრებით გაიზარდა ე.წ. ფრონტისპირა სახელმწიფოებისთვის, რომელთა შორისაც საქართველოც მოიაზრება მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ბუნებრივია, გამოწვევები საჭიროებს ანალიზს და მისი დაძლევის მექანიზმების შექმნას, თუმცა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სამ ძირითად აქტორს შორის მნიშვნელოვანი აცდენაა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა კერძოდ, გამოკითხეს ექსპერტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, შეისწავლეს სტრატეგიული დოკუმენტები, ნარატივები, დისკურსი, საზოგადოებრივი კვლევის შედეგები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთავარი გლობალური, დიფუზიური და ლოკალური რისკების სიმწვავეს განსხვავებულად აღიქვამენ ხელისუფლებაში, მოსახლეობასა და საექსპერტო საზოგადოებაში:

  • გამოკითხული ექსპერტები გლობალურ და დიფუზიურ რისკებს შორის ასახელებენ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას, ჰიბრიდულ ომს, რუსი მიგრანტების შემოდინებას. ადგილობრივ რისკებს შორის – ოლიგარქიას, სახელმწიფოს მიტაცებას, ცუდ მმართველობას, ავტორიტარიზმს;
  • მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების და დიალოგის არსებობა. ადგილობრივ რისკებს შორის პრიორიტეტულად მიიჩნევს სიღარიბეს და უმუშევრობას;
  • მთავრობა საუბრობს რუსეთთან ომში ჩათრევის რისკზე. ხოლო ადგილობრივ პოლიტიკურ რისკებს შორის ასახელებს რეჟიმის უსაფრთხოებას, რეჟიმის ოპონენტებს.

მსგავსი მოცემულობა ცხადია, მყიფეს ხდის ეროვნულ მედეგობას, რომელსაც უსაფრთხოების კონტექსტში აუცილებელ კომპონენტად განიხილავს NATO და როგორც საქართველოში ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინნიკოვმა აღნიშნა, საკითხს ხშირად აყენებენ შეხვედრებზე, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მედეგობა არის ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობა, მოემზადო, წინააღმდეგობა გაუწიო, უპასუხო და სწრაფადვე მოახერხო რეაბილიტირება შოკის ან დამაზიანებელი მოვლენების პირობებში და უზრუნველყო ალიანსის აქტივობების განგრძობადობა,– განმარტავს NATO.

„სერიოზული პრობლემაა, რომ არ არსებობს პლატფორმები, სადაც საზოგადოება, მთავრობა, აკადემიური წრეები, მედია ერთმანეთში გაცვლიან ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით. არსებობს ე.წ. ხიდჩატეხილობის პრობლემა, როდესაც განსაკუთრებით ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მას აქვს საკმარისი ინფორმაცია და მონოპოლია, თავად მოაგვაროს ნებისმიერი კრიზისი. ეს ასე არაა და ამის კარგი მაგალითია ევროპა. პარტნიორები დიდი ხანია, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვერც ერთი მთავრობა, რაც არ უნდა მოქნილი, გონივრული სტრატეგიის მქონე და ინფორმაციის მფლობელი იყოს, ამ ტიპის რისკებს ვერ გაუმკლავდება, თუ მასში მთელი საზოგადოება არ იქნება ჩართული. ამიტომ, საჭიროა, აქტორებს შორის იყოს მუდმივი დიალოგი. მით უფრო, რომ ეს არ არის საკითხები, რომლებიც ერთმანეთისგან არ გვაშორებს. ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული, ჩართოს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, მათ შორის, მედიაში უნდა იყოს დისკუსია, განახლდეს ფუძემდებლური დოკუმენტები – 2011 წლის უსაფრთხოების კონცეფცია როგორ შეიძლება, პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს, როდესაც თითქმის ყოველ თვიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო?! ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ინსტიტუციონალური ნაკლოვანებებიც გვაქვს, გარდა აქტორებს შორის უნდობლობის არსებობისა“,– ამბობს „აქცენტთან“„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია.

რაც შეეხება უსაფრთხოების სტრატეგიას, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი სალომე კანდელაკი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მინიმუმ, სამჯერ მოხდა მისი განახლება, თუმცა „კონტექსტი არ აძლევთ საშუალებას, დასამტკიცებლად გაიტანონ“.

„ეს ერთის მხრივ შესაძლოა, იყოს გამამართლებელი პასუხი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს უსაფრთხოების სტრატეგია მოიცავს ისეთ ასპექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, იცოდეს, მაგალითად, როგორი უნდა იყოს სამოქალაქო თავდაცვა“,– უზიარებს საკუთარ შენიშვნას „აქცენტს“ კანდელაკი.

კვლავ კვლევას რომ დავუბრუნდეთ, იკვეთება აცდენა არა მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების აღქმებს, არამედ ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაშიც. საზოგადოებრივი აზრი კი მნიშვნელოვანი ბერკეტია, შეზღუდო ხელისუფლების მავნე აქტივობები, როგორც ეს მოხდა მარტის ცნობილი აქციების დროს. ამ თვალსაზრისით კაკაჩია ორ გარემოებას გამოყოფს:

„სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ, იგივე მედიის საშუალებით აწარმოონ საგნობრივი დისკუსია იმ თემებზე, რომელიც ქვეყანას, მოსახლეობას აწუხებს. სულ სხვა თემებით ვართ დაკავებულნი, ვაღრმავებთ პოლარიზაციას. ეროვნული უსაფრთხოების თემები ერთ–ერთი მნიშვნელოვანია, რადგან გეოპოლიტიკურად ერთ–ერთ რისკიან ზონაში ვცხოვრობთ და წესით ეს #1 საკითხი უნდა იყოს! საინფორმაციო გარემოს ქმნიან პოლიტიკური ფაქტორები და არა საჭირბოროტო. ასევე ინერტულობაა საზოგადოების მხრიდან, მათ შორის, სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გამო.

წინააღმდეგობრივი სურათია, ერთის მხრივ, #1 საფრთხედ რუსეთს აღიარებდე, მეორეს მხრივ, მასთან გინდოდეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. გასაგებია გეოპოლიტიკური კავშირები, მაგრამ რუსეთი ამას შემდეგნაირად უყურებს, „ან ჩემთან ხარ და გექნება ეკონომიკური კავშირები, ან არ ხარ“ და შესაძლოა, კვლავ დაგადოს ემბარგო. ამიტომ, საზოგადოებასთანაც სამუშაოა და მასთან სწორედ ამ აქტორებმა უნდა იმუშაონ, მაგრამ ხელისუფლება ხედავს ამ ამბივალენტურობას და ცდილობს, ეს საზოგადოებრივი აზრის დაკვეთის შესრულებად გაასაღოს“.

პროცესზე დამკვირვებლების შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში ხელისუფლება „კვებას“ ომგადატანილი მოსახლეობის შიშებს მძლავრი საინფორმაციო კამპანიით, მანიპულირებს და შემდეგ მასზე ახდენს კაპიტალიზებას. სწორედ ეს ხსნის წინააღმდეგობრივ სურათს. თუმცა ვიდრე ამგვარი მოცემულობა გვაქვს, მაგალითად, ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე საქართველოსთვის რუსეთიდან მომდინარე რისკების მართვის თვალსაზრისით გამოსავლად ე.წ. დერისკიზაციას მიიჩნევს: რუსეთთან სოციალურ–ეკონომიკური ურთიერთობების იმგვარად „დალაგებას“, რომ არ გახდეს მოწყვლადი და ამ ურთიერთობებმა არ უნდა დააზარალოს საქართველოს ევროინტეგრაცია, რადგან „ეს არის გადარჩენის გზა“.

პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარები ფართო ჩართულობით მედეგობის სტრატეგიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს რისკებს და მოახდენს პრიორიტეტიზაციას: „მედეგობის სტრატეგია არ არის მხოლოდ უსაფრთხოების რისკებზე ორიენტირებული, მასში შედის კომუნიკაციები, ტრანსპორტი, ენერგოუსაფრთხების საკითხები და ა.შ.“,– ამბობს კანდელაკი.

ის იხსენებს უკრაინის გამოცდილებას: ვიდრე ომი დაწყებოდა, ანალიტიკურმა წრეებმა შექმნეს მედეგობის კონცეფცია და წარადგინეს სახელმწიფო უწყებებში, ხოლო მთავრობამ გადაწყვიტა, ამ კონცეფციის ინტეგრირება მომხდარიყო სხვადასხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში.

„მიუხედავად დაყოფისა, ვნახეთ, რომ ომმა საზოგადოება შეკრა, სწორედ ამ კონსენსუსმა და გაწერილმა გეგმამ, რაც მოქალაქეებს მარტივ ენაზე უხსნიდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ კრიზისების დროს, გაამარტივა მუშაობა“.

საინტერესო იქნება მოლდოვას გამოცდილება, რომელმაც შეიმუშავა უსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა დამტკიცებამდე „მიმდინარეობს კომუნიკაცია საზოგადოებასთან სწორედ იმავე მოტივით, რა პრობლემაც საქართველოში დგას – აცდენაა ხელისუფლების, მოსახლეობის და ექსპერტული წრეების ხედვებსა და აღქმებს შორის“.

მოლდოვაში არაა ერთგვაროვანი ვითარება, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით: მთავრობა პროევროპულია, ოპოზიცია – პრორუსული, მძლავრია დეზინფორმაცია, პრორუსული განწყობები, ამ პიროებში ცდილობს ხელისუფლება, საზოგადოება ჩართოს კონსულტაციებში.

„საჭიროა ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და დიალოგის დაწყება, რადგან ხელისუფლება ხალხის გარეშე ვერ იარსებებს. გვჭირდება ერთგვარი გადატვირთვა! – აჯამებს კაკაჩია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები