"მშვიდობა შესაძლებელია": აშშ და პოზიტიური ძვრები საქართველოს სამეზობლოში

21-12-2023 18:03:40 კავკასია ,კომენტარი

7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა მოულოდნელად გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რაც ცხადია, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ახალი სამხედრო კონფლიქტის (უკვე სომხეთის ტერიტორიაზე) თაობაზე შიშების და სომხეთში ფრანგული სამხედრო ტექნიკის შესვლის გამო ბაქოს ხისტი რიტორიკის ფონზე. სხვა საკითხებთან ერთად, ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია ურთიერთობების ნორმალიზების და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის განზრახვა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით და ნდობის გაძლიერებისადმი მიმართული ნაბიჯების გადადგმა. მალევე, 13 დეკემბერს ცნობილი გახდა მხარეების მიერ საზღვარზე პატიმრების გაცვლის თაობაზე: აზერბაიჯანმა 32 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, თავის მხრივ, ერევანმა ბაქოს 2 აზერბაიჯანელი პატიმარი გადასცა. თავად ამ მოლაპარაკებების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა 20 დეკემბერს სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის გრძელდება ონლაინ რეჟიმში. ხოლო მანამდე თქვა, რომ სავსებით რეალისტურად მიიჩნევს სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში გაფორმებას.

"ეს არის ის, რისკენაც მოწოდებასაც ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით ორივე მთავრობასთან მოლაპარაკებების დროს. ჩვენ მივესალმებით სომეხი და აზერბაიჯანელი პატიმრების გაცვლის ფაქტს და ცნობებს, რომ ნდობის აღდგენის დამატებითი ზომები განიხილება. ჩვენ კვლავაც გვჯერა, მშვიდობა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე მზადაა, რომ ამისთვის იმუშაოს", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა კითხვაზე, არის თუ არა ამ მოლაპარაკებებში აშშ ჩართული და აქვს თუ არა ერთობლივი განცხადების შემდეგ გაჩენილ ოპტიმიზმს საფუძველი?

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, რაც განსაკუთრებით საგრძნობი გახდა აზერბაიჯანის მიერ სომხური სასაზღვრო სოფლების დაბომბვისას რუსეთისა და ОДКБ-ს ნულოვანი რეაგირების შემდეგ, ბევრმა დამკვირვებელმა დაინახა ერევნის მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ნიშნები. თავად ფაშინიანმაც უწოდა „სტრატეგიული შეცდომა“ უსაფრთხოების ერთ ქვეყანაზე მინდობას და დივერსიფიკაციაზე ალაპარაკდა. ამ კუთხით საინტერესო იყო ნოემბერში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მთიანი ყარაბაღის შესახებ მოსმენისას. კერძოდ, მან თქვა, რომ აშშ და ევროპა სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ.

"ევროკომისიის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრას აპირებს აშშ-სა და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებას. ეს საკითხი პრემიერ–მინისტრს ფაშინიანთან რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ და ახლა შესაბამისი მოდელის შერჩევაზე ვმუშაობთ",– თქვა მაშინ ო'ბრაიენმა.

მისივე თქმით, სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის კუთხით შეთავაზება, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია:

"ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ამაში დავეხმაროთ".

მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გაიხსენა საფრანგეთის "მნიშვნელოვანი" დახმარება ამ სფეროში.

ინფორმაციისთვის: ნოემბრის დასაწყისში სომხეთმა საფრანგეთიდან პირველად მიიღო დაპირებული ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია – მრავალფუნქციური Bastion–ები.

„აქცენტი“ დაინტერესდა, არის თუ არა ძვრები ამ მიმართულებით.

"სომხეთი შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი და მეგობარია და ჩვენ მოუთმენლად ველით სომხეთის ხელისუფლებასთან მუშაობას სომხეთის დემოკრატიის გასაძლიერებლად, მისი ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაციის მისაღწევად და დასავლეთისკენ მისი სვლის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ჩვენ მივესალმებით სომხეთის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ასევე მის ერთგულებას, გააძლიეროს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ეკონომიკა. ამასთან, ჩვენ ვაფასებთ სომხეთის ძალისხმევას რეგიონში მეტი სტაბილურობის დამყარების მიზნით და ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას, მათ შორის – აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის მეშვეობით“,– განუცხადა "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ 1992 წლიდან აშშ-ის მთავრობამ თითქმის 3 მილიარდი დოლარი გამოყო სომეხი ხალხის დასახმარებლად და ეკონომიკური, დემოკრატიული და სოციალური მმართველობის გასაძლიერებლად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები