უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი – ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე: ჩვენთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი

11-01-2024 17:35:57 თავდაცვა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს. ამის შესახებ ვიცე-ადმირალმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს ჰკითხეს, რისთვის არის საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომლის აშენებაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში დააანონსა. ოლექსი ნეიჟპაპას განცხადებით, "ეს არა იმდენად ბაზა, არამედ ბაზირების პუნქტია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთს სჭირდება თავისი სამხედრო გემების განთავსების ადგილების გასაფართოებლად, რადგან მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე ვერ ეყოლება".

კითხვაზე, თუ რუსეთი აფხაზეთში ბაზას ააშენებს, იქნება თუ არა ის უკრაინისთვის კანონიერი სამიზნე, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა უპასუხა, რომ "უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ადგილას მყოფი ნებისმიერი გემი, რომელზეც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროშაა აღმართული".

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები