05-10-2023 18:09:20 ანალიზი
რუსეთის მიერ საქართველოსთვის შექმნილ საფრთხეებს კიდევ ერთი კომპონენტი – საზღვაო დაემატება, თუ გეგმა, რომელიც სეპარატისტმა ლიდერმა დააანონსა, განხორციელდება.
კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირეს რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა განთავსდება:
„ჩვენი დღესასწაულის დღეს ["ომში გამარჯვებისა" და "დამოუკიდებლობის მოპოვების" წლისთავი – რედ.] ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ავედით ბორტზე - ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირეს რაიონში“, - განაცხადა ბჟანიამ, თუმცა მასშტაბები და ვადები არ დაუკონკრეტებია.
ქართველი სპეციალისტები იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ოჩამჩირეში არსებობდა სამხედრო პორტი, რომელიც ასევე გამოიყენებოდა წყალქვეშა ნავების სადგომად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, , „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერ პაატა დავითაიას ინფორმაციით, დაიწყო ამ ბაზის მომზადება, კერძოდ, გაწმენდითი სამუშაოები წყალქვეშა ნავების მისაღებად.
„საზღვაო ძალების - არა, მაგრამ რამდენიმე ხომალდის განთავსება იქ ალბათ, შესაძლებელია“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე და დასძენს, რომ „ეს მოსალოდნელიც იყო“.
რა ინტერესი აქვს რუსეთს?
სპეციალისტთა ნაწილი ამ კონტექსტში უკრაინის მიერ ბოლო დროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ბოლო თვეებში ხომ უკრაინელებმა საგრძნობლად გააძლიერეს თავდასხმები ყირიმზე, სევასტოპოლზე და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე რაკეტებისა და დრონებით. აგვისტოში დრონები თავს დაესხნენ ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზას, სადაც სადესანტო ხომალდი დაზიანდა. გარდა ამისა, განხორციელდა რამდენიმე სპეცოპერაცია რუსეთის სადაზვერვო შესაძლებლობების შესაზღუდად. მაგალითად, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს გაზის წარმოების პლატფორმები შავი ზღვის დასავლეთში და დაშალეს იქ განთავსებული სათვალთვალო აღჭურვილობა. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ რუსებმა ხომალდები ანექსირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, მაგრამ არც იქ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.
„აშკარაა, რომ რუსებს აღარ აქვთ ინიციატივა შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალების უკიდურესად გამჭრიახი მიდგომის გამო. უკრაინელებმა თანდათან დაიბრუნეს ინიციატივა, მცირე ტაქტიკური გამარჯვებების სერია გადაიზარდა ოპერატიულ წარმატებაში, მეტიც - სტრატეგიულშიც კი“, – განუცხადა The Wall Street Journal–ს აშშ-ის სმზედრო–საზღვაო კოლეჯის რუსეთის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა მაიკლ პეტერსენმა.
"ნახეთ, რა გააკეთა უკრაინამ ახლა შავ ზღვაში: მან მიაღწია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფუნქციურ დამარცხებას“, - განაცხადა ამასწინათ ბრიტანეთის თავდაცვის უმცროსმა მინისტრმა ჯეიმს გიპიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქართველი სპეციალისტები თვლიან, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სევასტოპოლის ალტერნატივის შექმნას ცდილობს.
ამ ხედვას ნაწილობრივ გენერალი ვახტანგ კაპანაძეც იზიარებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ ეს უფრო პოლიტიკური განაცხადია, კერძოდ, რეგიონში თავის დამკვიდრების მცდელობა და რეგიონისგან გარკვეული აქტორების ჩამოცილების მცდელობა.
„ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია და ზოგადად შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, გავლენების გაზრდის მცდელობის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ – შავ ზღვაში დამატებითი ნავსაყუდელის შექმნის კუთხით. აქ იგულისხმება კავკასიაში მიმდინარე მოვლენები – თურქეთის გავლენის გაზრდა, რუსეთის გავლენის შემცირება... რუსეთი ამით ცდილობს, შიდა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გააკეთოს განაცხადი იმის შესახებ, რომ არათუ არ გადის კავკასიიდან, არამედ პირიქით, ძლიერდება“,– თვლის კაპანაძე.
გენერალი გიორგი სურმავა ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონს ყირიმის სათადარიგოდ განიხილავდეს, თუმცა ეჭვობს, ინფრასტრუქტურის მოწყობა მყისიერად მოხერხდეს:
„პირველი: თურქეთი უკვე დიდი ხანია, შავ ზღვაზე წამყვანი აქტორია, მისი ფლოტი აქ უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის და ამასთანავე, აკონტროლებს სრუტეებს. რუსეთისთვის კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა დიდი დარტყმა იყო, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხომალდი დაკარგა და ცხადია, მათთან ერთად შესაბამისი სტატუსიც. თუ რუსებმა ყირიმი დაკარგეს, მაშინ აქტუალური გახდება ეს საკითხი [ოჩამჩირეს საზღვაო ბაზა]: ყირიმის დაკარგვა ხომ იმას ნიშნავს, რომ აზოვის ზღვაც პრობლემატური ხდება მოსკოვისთვის და ფაქტობრივად, რჩება მხოლოდ აღმოსავლეთ სანაპირო ნოვოროსიისკიდან ოჩამჩირემდე. აი, ამ შემთხვევაში შეიძლება, გახდეს ეს ბაზა მათთვის საინტერესო რაღაც ბალანსის მსგავსის შენარჩუნებისთვის. მაგრამ აქ დგება შემდეგი საკითხი: ყირიმის დაკარგვა ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან დაბალი სტატუსით გამოდის არენაზე, ომს აგებს და ექნება კი მას გეგმის რეალიზებისთვის როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური რესურსი? მეორე: შესაძლოა, თავად ბჟანიას სჭირდებოდეს ეს ბაზა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად“.
პოტენციური სამიზნე?
უკვე გამოითქვა შეშფოთება, რომ რუსეთი ცდილობს, დანაშაულებრივ სამხედრო აქტივობებში ოკუპირებული აფხაზეთის ჩართვით ომის აქტიური ფაზა საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოიტანოს.
ცნობილია, რომ რუსეთი უკრაინაში, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც იყენებს. მაგალითად, „კალიბრს“ 1000–ზე მეტ კილომეტრზე შეუძლია სამიზნის განადგურება, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილიდან უკრაინის ნაპირებამდე მანძილი კი შეუდარებლად მცირეა.
გენერალი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ამ მიზნებისთვისაც გამოიყენოს აფხაზეთი:
„თუ არ ვცდები, უკრაინის ნაპირებამდე 400–500 კილომეტრია. არ არის გამორიცხული, ამ მიზნებისთვისაც გამოიყენოს რუსეთმა ეს ბაზა. იგი სტრატეგიული გამანადგურებლებიდან ფრთოსან რაკეტებს კასპიის ზღვის აუზიდან უშვებს და ოჩამჩირედან რომ გაუშვას, არც ეს არის გამორიცხული. თუ ამგვარად იმოქმედებენ, მაშინ ეს ადგილი ნამდვილად იქცევა უკრაინელების ლეგიტიმურ სამიზნედ. მართალია, აქ საქართველოს ტერიტორიაზეა საუბარი, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთს ვერ აკონტროლებს. დნესტრისპირეთზე, მაგალითად, უკრაინელები დარტყმებს არ ახორციელებენ, რადგან ამ რეგიონში მყოფი რუსული დაჯგუფება არ აქტიურობს. თუ ოჩამჩირედან რუსების სამხედრო აქტიურობა დაიწყება, კიევს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ექნება, საპასუხო დარტყმები განახორციელოს“.
ლეგიტიმური სამიზნის თაობაზე კოლეგის შეფასებას იზიარებს გენერალი სურმავაც:
„არტილერიით და რაკეტებით - ვერა, მაგრამ სხვა საშუალებები აქვთ [უკრაინელებს]: დრონები, დივერსიული აქტივობები... საკითხავი ისაა, რაში აწყობთ მოვლენათა მსგავსი განვითარება აფხაზებს“.
ამასთან დაკავშირებით ვინმემ შეიძლება, ბელარუსთან გაავლოს პარალელი: მართალია, ბელარუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალოდ არ მონაწილეობენ, თუმცა მინსკი სრულ ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს აგრესორ მხარეს, მათ შორის - უკრაინული ქალაქების გასანადგურებლად, აწვდიდა საბრძოლო მასალასაც - და მის წინააღმდეგ მსგავსი ზომები არ ყოფილა მიღებული, მაშ რატომ აფხაზეთიო? ამასთან დაკავშირებით გენერალი სურმავა სხვაობას განმარტავს:
"სურს თუ არა მინსკს, იგი კრემლისგან იღებს დავალებას, მსგავსი დარტყმები კი მას საბაბს მისცემდა, საკუთარი შეიარაღებული ძალებიც გამოეყენებინა. ამასთან, ბელარუსი ძალაა და საფრთხეს შექმნიდა, განსხვავებით აფხაზეთისგან. ამდენად, თუ აქედან განხორციელდა დარტყმა, საპასუხოც იქნება".
თუმცა გენერალს ახლო მომავალში ბაზის განთავსებაცა და მსგავსი ზემოქმედებაც ნაკლებ სავარაუდოდ ეჩვენება.
საფრთხე დანარჩენი საქართველოსთვის
როგორც გენერალი კაპანაძე აღნიშნავს, ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო სამხედრო ბაზა საქართველოსთვის ისედაც რთულ ზოგად სურათს მნიშვნელოვნად არ ცვლის, მაგრამ კიდევ უფრო ართულებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზას და ამასთანავე, საზღვაო საფრთხეს (სახმელეთო ისედაც იყო) კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ნაპირებთან, ვიდრე მანამდე“.
„საქართველოს მხრიდან ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს მძიმე რეაქცია მსოფლიოს მასშტაბით და ამასთანავე, გარკვეული გათვლები ჩვენს შტაბებშიც უნდა განახორციელონ“,– დარწმუნებულია კაპანაძე.
პაატა დავითაია კი ყურადღებას ამახვილებს იმ მანძილზე (სულ 40 კმ–მდე), რომელიც ოჩამჩირეს ანაკლიას აშორებს და ფიქრობს, რომ ეს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს შეუქმნის საფრთხეს, კერძოდ, მასში მნიშვნელოვანი ინვესტორების ჩართვას კიდევ უფრო გაართულებს.
რეაქცია თბილისში: