
ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოთხი მწვავე საკითხი დააყენა
13/02/2024 14:58:40 კონფლიქტები
ქართულმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე ოთხი მწვავე საკითხი დააყენა. ესენია: უკანონო პატიმრების გათავისუფლება, „ბორდერიზაცია", თამაზ გინტურის მკვლელობა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებულის დავით გურწიევის ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვა.
- უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხი
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
„დავაყენეთ ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ, მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი, ორი მათგანი [გიორგი მელაძის და დიმიტრი კორინთელის] პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, მას ოჯახის წევრებს გავუზიარებთ. სხვა მიმართულებით, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა მათი მხრიდან მზაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ", -განაცხადა ანთაძემ.
- „ბორდერიზაცია"
ანთაძის თქმით, მიმდინარე წელს „ბორდერიზაციის" ორი შემთხვევა იყო.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტრადიციული პოზიცია გააცნო:
„ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ უნდა შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება, მიწის ნაკვეთებზე მუშაობა და საქონლის მწყემსვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზიარებული იქნება. ამას უახლოესი თვეები აჩვენებენ. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ნებისმიერი მძიმე ინციდენტი".
- თამაზ გინტურის მკვლელობა
ანთაძის თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა გინტურის მკვლელების დასჯა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, "რუსეთის პოზიცია იყო ცინიკური, როცა კვლავ განაცხადეს, რომ ე.წ. მესაზღვრე უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა".
„ეს საკითხი ჩვენ მიერ დაისვა და მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოვთხოვეთ წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და ხომ არ იყვნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებულები. სამწუხაროდ, მათგან ტრადიციული პასუხი მივიღეთ, რაც თავიდანვე იყო გაჟღერებული რუსეთის მხარის მიერ, კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა, ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. იგივე პოზიცია აქვთ მკვლელობის პირველი დღიდან და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ამგვარი მოსაზრება არის აღმაშფოთებელი", - განაცხადა ანთაძემ.
- ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მომავალ პროკურორად დანიშვნის განზრახვა
დღევანდელი შეხვედრის კიდევ ერთი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებულის დავით გურწიევის ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ოკუპირებულ ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში. აღინიშნა, რომ ეს პირი არის "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე. თავისთავად ასეთი პირის დანიშვნის ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული რეაქცია. ჩვენ მოგვაქვს ფორმატის მონაწილეებთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დაცული და მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნებათ. მათ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავეს. რეაქცია იყო მხოლოდ ფორმალური. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი კონკრეტული დეტალები ჩვენს ინტერვენციაზე მათ არ წარმოუდგენიათ", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
გურწიევი "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით იძებნება. მას ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს კიდევ ერთ თანამშრომელთან (ალიკ ტაბოევთან) ერთად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ოკუპირებული ახალგორის საოლქო პროკურორად გურწიევის დანიშვნის წინააღმდეგია ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მან 12 თებერვალს პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი სამუშაო შეხვედრა 20 მარტს დაინიშნა.