Accentnews.ge
უკრაინაში ომის მეორე წლისთავი: შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

უკრაინაში ომის მეორე წლისთავი: შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

18/03/2024 06:33:11 პოლიტიკა, რეკლამა

უკრაინაში ომის მეორე წლისთავი:

შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

(მეორე ნაწილი)

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

უკრაინის (და არა მხოლოდ) ომის შემდგომი უსაფრთხოება

რუსულ საფრთხეს პოსტსაბჭოური ქვეყნების მისამართით, სხვა სტერეოტიპების პარალელურად, მეტად უჩვეულო კრიტერიუმით ზომავდნენ, განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრები. კერძოდ, საფრთხის რეალობა იზომებოდა: (ა) რუსეთისაგან ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიული დაშორებით და (ბ) რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების ინტენსივობით. გასაგებია, თუ ორივე გარემოება როგორ გავლენას ახდენდა საფრთხის აღქმასა და პრაქტიკული პოლიტიკის ქმნაზე.

სავარაუდოდ, ეს და რამდენიმე სხვა სტერეოტიპი გარკვეულწილად დღესაც ძალაშია და ფარულად განაგრძობს ზემოქმედებას გადაწყვეტილებათა მიღებაზე. თუმცა ამ სტატიაში ხსენებული „იძულებითი გამოღვიძების“ შემდეგ, ჩვენი პარტნიორები, წესითა და რიგით, უნდა ასკვნიდნენ, რომ:

(1) უკრაინაში მიმდინარე ომში წყდება არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გეოპოლიტიკურ ვაკუუმში მყოფი ქვეყნების, არამედ ევროპული და ევროატლანტიკური ერთობის მომავალი; ამასთანავე,

(2) ამ მომავლის პერსპექტივისათვის აუცილებელი პირობაა სამხედრო და ეკონომიკური რესურსის კომბინირება და რეალურ შემაკავებელ ძალად გადაქცევა; ისე როგორც -

(3) ერთია უკრაინელთა წინააღმდეგობისათვის მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილება, ხოლო მეორეა სტრატეგიულ ჭრილში შესატყვისი ამოცანების შესრულება.

სწორედ ასეთ ამოცანათა შორის არის უკრაინისათვის (ასევე საქართველოსათვის) ომის დასრულებისთანავე ქმედითი უსაფრთხოების მექანიზმის შეთავაზება და ამოქმედება.

ამ მხრივ, სხვადასხვა წრეებში რამდენიმე ვარიანტი განიხილება, კერძოდ:

1) ე.წ. ისრაელის მოდელი, რომლის მოკლე არსი უკრაინის იმგვარად შეიარაღებაა, რომ ქვეყანამ საკუთარი თავის დამოუკიდებლად დაცვა შეძლოს:

გასათვალისწინებელია, რომ უსაფრთხოების ამგვარი ანალოგია ზუსტი არ არის. საქმე ისაა, რომ უკრაინული სცენარისაგან განსხვავებით, ისრაელის შემთხვევაში: (ა) ქვეყანას თავისი ბირთვული იარაღი აქვს, როგორც ებრაელთა სახელმწიფოს უსაფრთხოების უმთავრესი გარანტი; (ბ) უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროში აშშ-სა და ისრაელის თანამშრომლობა ორმოცდაათ წელზე მეტია უწყვეტად არსებობს და ყველაზე თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს; (გ) ისრაელის მიმართ კონგრესის მხარდაჭერის პრაქტიკა დაუწერელ წესად არის ქცეული; (დ) ახლო აღმოსავლეთში ისრაელს გამოკვეთილი როლი აქვს.

2) ე.წ. ინდივიდუალური უსაფრთხოება, ანუ ისეთი ვარიანტი, როდესაც უკრაინა ამა თუ იმ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში აფორმებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობას:

ეს მექანიზმი უკვე მუშაობს და უკრაინამ აგერ უკვე რამდენიმე ქვეყანასთან მოაწერა ხელი ორმხრივ თანამშრომლობას. ცხადია, ამ მიდგომასაც აქვს დადებითი მხარეები, ბოლოსდაბოლოს, საერთოდ არაფერს ეს ვარიანტი სჯობს, მაგრამ ორმხრივ ფორმატს მრავალმხრივ ფორმატებთან შედარებით გარკვეული მინუსები ახლავს. ეს მინუსები, ძირითადად, მოსაზიდი რესურსების შესაძლო უკმარისობასა და საჭირო პოლიტიკური წონის დეფიციტს უკავშირდება.

მეტიც: ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად უკრაინის ოფიციალური წრეების მიერ ხშირად გამოყენებული სიტყვა „გარანტიისა“, დასავლელი ხელმომწერი პარტნიორები ამ ნაწილში სიფრთხილეს იჩენენ და შეგვახსენებენ, რომ რეალურად საუბარია „ვალდებულებებზე“ და არა „გარანტიებზე“. ბუნებრივია, რომ მათი ამგვარი წინდახედულობა პოლიტიკურ და იურიდიულ ახსნას ეფუძნება.

3) უსაფრთხოების მექანიზმი ევროკავშირის მხრიდან:

გლობალურად არსებულთაგან ალბათ უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი მექანიზმი. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი როგორც საერთო თავდაცვითი პოლიტიკის გამართვის, ისე საკუთრივ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში ევროკავშირის წონად და თვითკმარ სუბიექტად ჩამოყალიბების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ლისაბონის შეთანხმების 42.7 მუხლიც, რომელიც საერთო თავდაცვას შეეხება, მხოლოდ ერთხელ იქნა ამოქმედებული (პარიზში, 2015 წლის ცნობილი ტერაქტის შედეგად) და მყარ პრეცედენტად ნაკლებად გამოდგება.

4) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა:

ვილნიუსის სამიტის შედეგი იმედგაცრუება იყო კიევისათვის. ფაქტია, რომ უკრაინა ნატოში გაწევრების ოფიციალურ მიწვევას ელოდა და, დიდი ალბათობით, ახლა უკვე შემდგომი, ვაშინგტონის სამიტისადმიც იგივე მოლოდინი ექნება.

ამ მოლოდინის გამართლებაზე ახლა, ომის მიმდინარე ეტაპისა და მსოფლიო კონიუნქტურის გათვალისწინებით, დამაჯერებლად საუბარი რთულია. საკითხი, სავარაუდოდ, ისევ და ისევ ტრადიციული რისკებისა და დასავლეთის ქვეყნების საშინაო პროცესების პრიზმაში შეფასდება.

აქ მხოლოდ მოკლედ დავძენთ, რომ ნატოს ცნობილი მე-5 მუხლის ამოქმედება, მისი სწორი ანალიზის პირობით, არ ნიშნავს ალიანსის წევრი ქვეყნების რუსეთთან საომარი დაპირისპირების რეჟიმში ავტომატურად მოქცევას. მეტიც, იმავე მე-5 მუხლიდან გამომდინარე, რისკების მინიმიზაციის მიზნით, ამ ბოლო წლებში რამდენიმე პრაქტიკული რეკომენდაციაც გამოითქვა ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ უკვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ისიც ფაქტია, რომ ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგი თანაბარზომიერ ყურადღებას მოითხოვს მისი მთელი პერიმეტრის გასწვრივ. ამისათვის კი აუცილებელია, რომ მისი წევრი ქვეყნებიც საფრთხეებსა და რისკებს ასევე ერთგვაროვნად, „ტრანზაქციული“ კონიუნქტურის გარეშე აფასებდნენ.

ქართული „შესაძლებლობების პოლიტიკა“ მიმდინარე ომის კონტექსტში

ომი უბედურებაა. ომი ტრაგედიაა. ომი ამორალურია. მისი მანკიერი არსის დახასიათება კიდევ არაერთი სხვა ეპითეტით არის შესაძლებელი. აქ ახალს ვერაფერს ვიტყვით და არც მკითხველს გადავღლით პრაქტიკულ დატვირთვას მოკლებული საუბრით.

ახლა, სტატიის დასკვნით ნაწილში, ჩვენთვის რამდენიმე მთავარი საკითხის აღნიშვნა გვინდა: ესეც უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე გაკეთებულ შეფასებათა მხარდამხარ. ეს აღნიშვნები ქართული ქეისისათვის რამდენიმე რაციონალს უკავშირდება, რაც, უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენგან სათანადო ყურადღებას, შეფასებასა და მოქმედებას მოითხოვს, სახელდობრ:

(1) უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი აგრესია საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო დღის წესრიგში, ახალი ძალითა და აქცენტებით, ქართული თემა „ჩავაბრუნოთ“ ან, გნებავთ, ხელახლა გავხსნათ. ახლა უკვე რეალური პოლიტიკის კიდევ მეტად რეალისტურების უზრუნველყოფისა და უკვე ნახსენები „იძულებითი გამოღვიძების“ პირობებში. მწარე ნათქვამი გამოგვივა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია, ისე როგორც უსაფრთხოების სისტემაში ჩვენი ქვეყნის დამსახურებული პოზიციონირება, ამ ბოლო წლებში ვერ აღვივებდა სათანადო ყურადღებას თუ ემპათიას. აუცილებელი იყო მომხდარიყო რამე უფრო რეზონანსული, მასშტაბური, გნებავთ - ტექტონიკური. უკრაინაში რუსეთის განახლებულმა შეჭრამ და შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა საერთაშორისო ნარატივში ქართული პრობლემატიკის ხელახლა აღმოცენების წინაპირობა შექმნა.

(2) სტატიაში რამდენჯერმე ვახსენეთ და მის დასასრულს, გავიმეორებთ, რომ უკრაინაში ომმა დასავლეთი პრინციპული არჩევანისა და არსობრივი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დააყენა. საკითხს ასეც ჩამოვაყალიბებდით: განაპირობებენ თუ არა შექმნილი გარემოებები ახალი დასავლეთის დაბადებას, ისეთის, რომელსაც სურვილი, ნება და შესაძლებლობაც ექნება პრობლემათა რეალური გადაწყვეტისას ლიდერის როლი იკისროს. ეს კი საქართველოსათვის აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საკუთარი უსაფრთხოებისა და მედეგობის მხრივ ჩვენს პარტნიორებთან ისეთი შეთავაზებების საფუძველს ქმნის, რომლებზეც წლების განმავლობაში არათუ საუბარი, ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. სტატიაში ნახსენები „გეოპოლიტიკური და სტრატეგიული გაურკვევლობის“ დასასრულებლად, გარკვეულ ასპექტებთან ერთად, დადგა არაორდინალური ზომების მიღების, მათ შორის, საქართველოს მიმართ მყარი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების ამოქმედების დრო.

(3) მიმდინარე ომის საერთაშორისო-პოლიტიკური ფაქტორები თვით საერთაშორისო სამართლისა და მართლწესრიგის არაერთი ფუნდამენტური საკითხის გადააზრებას მოითხოვს. მათ შორის არის საერთაშორისო ინსტიტუტების ქმედითობა, ჰუმანიტარული თემები, სანქციების ეფექტიანობა, საერთაშორისო კლასიფიკაციით დანაშაულთა გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, გაყინული აქტივების რეალიზება და სხვ. ეს და სხვა პრობლემები არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პრაქტიკული დანიშნულების მქონეა ქართული მხარისათვის. მაშინ, როდესაც დიდ და საშუალო ქვეყნებს აქვთ საერთაშორისო ნორმებიდან გადახვევის ფუფუნება, მცირე ქვეყნებს ამ ნორმათა სიმტკიცე და აღსრულება საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების მნიშვნელოვან დამცავ ზღუდედ წარმოუდგენიათ.

(4) თანამედროვე სამხედრო ტაქტიკასა და სტრატეგიაზე წარმოდგენის შეცვლასთან ერთად, უკრაინაში ომმა დიდი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკურ კონიუნქტურაზე. შესაბამისად, სასაუბრო თემა ვრცელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ასპექტს ვახსენებთ, რომელიც ომამდე (და პანდემიამდე) არსებულ მომარაგება-მიწოდების არხებს უკავშირდება. აქ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის, იმავე შუა დერეფნად ცნობილი პროექტის აქტუალურობის ზრდაა. რომელსაც, საგრძნობი კონკურენტული უპირატესობა, ფაქტობრივად, რუსეთის აგრესიის შედეგად ჩრდილოეთ დერეფნის მომეტებულმა რისკიანობამ მიანიჭა. ცხადია, რომ ამ ისტორიული პროექტის რეალიზებით ხდება საქართველოს (მისთვის ასე საჭირო ფუნქციონალური სარგებლიანობის ხაზგასმით) როლის უკეთ წარმოჩენა.

(5) ნებისმიერი ომი კრიზისების კატეგორიას განეკუთვნება. მსოფლიოც კრიზისების ხანაში შევიდა. მათ მართვასა და მათი მავნე შედეგების მინიმიზაციას მუდმივი და პროაქტიული რეაგირება სჭირდება. ჩვენი, როგორც ყველა შესაძლო გაგებით მცირე რესურსიანი ქვეყნისათვის, შედარებით უფრო ოპტიმალური რეაგირების ფორმად დემოკრატიული რეზისტენტობა გვესახება. ეს ზოგადი ფრაზა, ცხადია, რამდენიმე კონკრეტულ მდგენელზე გადის, იქნება ეს კრიზისების ეკონომიკა, ჯანსაღი ინსტიტუტები, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი თუ სოციალურად სოლიდარული საზოგადოება.

უკრაინაში ომი დასასრულს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ მიახლოებია, ისე როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ძალთა ბალანსი - ახალი წონასწორობის წერტილს. ამიტომ, მათაც, ჩვენც, ყველას შეფასებების, დაკვირვებებისა თუ დასკვნების გასაზიარებლად კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ერთმანეთთან საუბარი.

იხ. პირველი ნაწილი მბულზე: https://accentnews.ge/ka/article/109039-ukrainashi-omis-meore-clistavi-shepasebebi-daskvne

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S