
„ქალთა მოძრაობა“: კვოტების გაუქმება არის ბრძოლა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ
02/04/2024 06:25:45 პოლიტიკა, საზოგადოება
„ქალთა მოძრაობამ“ გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტთან გააპროტესტა.
მოძრაობის წევრებმა წაიკითხეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ.
„1 აპრილს პარტიებმა „ქართულმა ოცნებამ” და „გირჩმა“ დაჩქარებული წესით დააინიციირეს პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტი და ამით ბრძოლა გამოუცხადეს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კვოტები თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აქტიური ჩართულობით, რასაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა მოჰყვა 14%-დან 20%-მდე. ამ პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობსდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არა მხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ, ამიტომაც:
· ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ვერთიანდებით ჩვენი უფლებებისა და თანასწორობის დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან;
· ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მტკიცედ დავდგებით ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად, რადგან ქალთა ყველა უფლება დგას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე;
· ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მოვითხოვთ მეტ ქალს პოლიტიკაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს მეტ ქალს პოლიტიკაში, რადგან ემიგრანტების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და სხვა დაუცველი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას სჭირდება სწორედ ქალების ხმა და ქალების ხედვა პოლიტიკაში;
· ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაა და არა ხალხის ინტერესების დაცვა;
· ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, არ დავუშვებთ ჩვენი კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას და ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევას;
· ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ამ უსამართლობას არ შევეგუებით და ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოვითხოვთ, წარმოგვიდგინონ ქალების გაძლიერების გეგმა – არჩევნების დღეს ჩვენ საკუთარი უფლებების დასაცავად მოვალთ საარჩევნო ყუთებთან! ჩვენ ამომრჩეველთა უმრავლესობას – 53% შევადგენთ და 2024 წლის არჩევნებზე ვაჩვენებთ პოლიტიკურ ჯგუგფებს, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!“, – აღნიშნულია განცხადებაში.
- ამავე თემაზე: „ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.
- ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს".
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.