
არჩილ ტატუნაშვილი დღეს 41 წლის გახდებოდა
02/04/2024 06:33:31 კონფლიქტები
არჩილ ტატუნაშვილი დღეს 41 წლის გახდებოდა.
6 წლის წინ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ – 20 მარტს გადაეცა. მანამდე, ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და აღარ დაუბრუნებიათ.
გმირის ცხედარი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი კი ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" გახდა.
2020 წლის 16 დეკემბერს მცხეთის სასამართლომ გურწიევი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა უვადოდ მიუსაჯა. მას ალიკ ტაბოევთან ერთად ბრალი ედებოდა არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში. 2018 წლის 13 სექტემბერს საქართველოს შსს-დან მიწოდებული მასალების საფუძველზე "ინტერპოლის" გენერალურმა სამდივნომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა.
2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის სოფელ მოსაბრუნთან ალიკ ტაბოევმა და დავით გურწიევმა არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი ერთად დააკავეს. შემდგომ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს, სადაც აწამეს. დავით გურწიევი პირადად იცნობდა არჩილ ტატუნაშვილს და მის წამებაში პირადად მონაწილეობდა.
ინდივიდუალური სარჩელი „ტატუნაშვილები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო, თუმცა განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.
დავით გურწიევის სახელს არაერთი გახმაურებული ამბავი უკავშირდება. იგი იყო გამომძიებელი იმ დროს, როდესაც 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორიდან 19 წლის დავით ბაშარული გაუჩინარდა. ბაშარულის ცხედარი 6 თვის შემდეგ ახალგორთან, ტყეში იპოვეს. მისი სიკვდილის საქმეზე გამოძიება გურწიევს ჰქონდა დავალებული. 19 წლის ახალგაზრდა ცოცხალი ბოლოს ახალგორის პოლიციიდან მომავალი ნახეს.
დავით გურწიევი ფიგურირებს ადგილობრივი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნის საქმეებშიც.
დე ფაქტო ადმინისტრაციის ვებ–გვერდზე 2019 წლის 24 სექტემბრის თარიღით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციისგან დავით გურწიევისა და ტაბოევის გადაცემას ითხოვდა, რაზეც რუსულმა მხარემ უარით უპასუხა იმ მიზეზით, რომ „მათ აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა“.
დავით გურწიევის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გიორგი კაბისოვი ამბობს, რომ თვითმხილველია წამების ცხინვალის ციხეში, რომელშიც გურწიევი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, პატრიმრების ცემაში მონაწილე ჯგუფს, რომლის წევრებს ნიღბები ეკეთათ, სწორედ გურწიევი ხელმძღვანელობდა და იგი არც სახეს მალავდა.