ანა ბუჩუკური: ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს
02/04/2024 06:56:50 პოლიტიკა
ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას.
მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს.
„დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც კი არ არის საუბარი, ვიღაც ეთანხმება თუ არ ეთანხმება გენდერული კვოტირების პრინციპს. გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება, ისევე როგორც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაში დელეგატების შემოღება და მინი-ფეოდალებისთვის საპარლამენტო მანდატების მიყიდვის შესაძლებლობის შექმნა, ცესკოს ლოიალური თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე წლით, არის ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილები. „ოცნების“ თითოეული ამ გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი. „ოცნება“ ისევ სხვისი ხელით ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას - ცესკოს სრულად დაქვემდებარებას და ძალაუფლების გახანგრძლივებას. რაც ერთხელ უკვე გააკეთა „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის სრულად ჩაბარებით. სინამდვილეში, ამ გადაწყვეტილებით „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ, დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი საერთოდ არ აქვს. დაგვიდასტურა, რომ „ოცნება“ უკვე დამარცხებული პარტიაა, თუმცა მის ყველა წევრს ჯერ ეს გააზრებული არ აქვს. „ოცნება“ კიდევ ბევრჯერ მოახდენს კოლექტიური „ოცნების“ ლუსტრაციას - არჩევნებამდე კიდევ ბევრ რამეს დაერქმევა თავისი სახელი და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება კოლექტიური „ოცნებისა“ და კოლექტიური „ნაცების“ რეალური სახეები და რეალური შემადგენლობა. ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ გახარიას გუნდისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ მოცემული ხმა არ დაიკარგება - იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ხალხის მიერ მონიჭებული ნდობით და ვიბრძვით ჩვენი ღირებულებებისთვის“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.
- ამავე თემაზე: „ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.
- ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს".
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.


