ქეთევან თურაზაშვილი: პარლამენტში თუ ვინმე საუბრობს, მათ შორის ფემიციდზე ისევ ქალები ვართ, ეს ხმა საერთოდ აღარ უნდა ისმოდეს?

02-04-2024 16:18:05 პოლიტიკა

ამ პარლამენტში თუკი ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ოჯახში ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე და ქალებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, ისევ ქალები ვართ, განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე. ანუ, რა გამოდის, რომ ეს ხმა ჯერ ისევ უნდა შეამციროთ და მერე საერთოდ აღარ უნდა ისმოდეს? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გენდერული კვოტირება საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში აუცილებელია.

„იმ დროს, როდესაც ერთად უნდა ვმსჯელობდეთ სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის, გენდერული საბჭოზე, როგორ დავეხმაროთ და როგორ გავაძლიეროთ ქალები, სავალდებულო კვოტირების დაჩქარებული წესით, „ქართული ოცნება“ ზარ-ზეიმით გაუქმებას აანონსებს. მომავალში შესაძლებელია და იმედი მაქვს, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ასეთი ხელოვნური ჩარევა საჭირო აღარ იქნება და თავისთავად მოხდება, რომ პარლამენტში, პოლიტიკაში მეტი ქალი მოვა, მაგრამ არა, დღეს, ჯერ ამის დრო არ დამდგარა. დღეს, ამის გაკეთება მავნებლობაა. კითხვა მაქვს გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან, ასევე მაია ბითაძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან, რიმა ბერაძესთან. თქვენ, მოგწონთ რაც ხდება, ეთანხმებით?

სულ ახლახან შეხვედრა მქონდა მარტოხელა მშობლებთან პარლამენტში, როგორც დეპუტატს და ვცდილობ, ჩემი სადეპუტატო მანდატი სწორედ, ასეთი ჯგუფების წარმომადგენლების უფლებების გაუმჯობესებას მოვახმარო. მარტოხელა მშობლების ყველაზე დიდი გამოწვევა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, მათი წუხილი ის არის, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მინიმალურია, სრულიად მარტოს უწევთ გაუმკლავდნენ ყველა პრობლემას და ყოველდღიურ საჭიროებებს“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

დეპუტატმა მარტოხელა მშობლებთან შეხვედრის დროს მოსმენილ ცალკეულ ისტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სტატუსი არაფრისმომცემია, რადგან სახელმწიფოს არ აქვს მათთვის ერთიანი სოციალური დახმარების პროგრამა.

„მარტოხელა მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათთვის სტატუსი არაფრისმომცემია, რადგან სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი სოციალური დახმარების პროგრამა. ცალკეული მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად ადგენენ დახმარების პაკეტებს და ესეც მათ გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა, ეს დახმარებებიც ხშირ შემთხვევაში მინიმალური ან ერთჯერადია. გასულ კვირას მარტოხელა მშობლებს შევხვდი. მას შემდეგ ვფიქრობდი, რომელი ერთი ამბავი მომეყოლა, რომელ ერთ ძალიან სევდიან პრობლემაზე მესაუბრა, რომ იქნებ ბოლოს და ბოლოს გადადგმულიყო კონკრეტული ნაბიჯები ამ ადამიანების დასახმარებლად. დედებს შორის იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც გვიყვებოდა არაერთ მისთვის ძალიან მძიმე დილაზე, როდესაც ბავშვი იმიტომ ვერ გაუშვა სკოლაში, რომ მშიერი იყო, რომელიც ვერ მუშაობს, რადგან მის შვილს არ ეკუთვნის გახანგრძლივებული უფასოდ. მისი შვილები ვერ პატიჟებენ თანატოლებს სახლში, რადგან სარდაფში ცხოვრობენ და რცხვენიათ. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რადგან ამ სარდაფს ობიანი კედლები აქვს. მარტოხელა მშობლებს შორის იყო ქალბატონი, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა, ის მხოლოდ მარჩენალდაკარგულის პენსიას იღებს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ექიმთან ვერ მიდის, რადგან ფული არ აქვს, ეხება მხოლოდ 10-ლარიანი ფასდაკლება ექოსკოპიაზე. არადა, მის 4 წლის შვილს მხოლოდ დედა ჰყავს. შეხვედრას ესწრებოდა 8 შვილის ქვრივი დედა, რომელიც ადანაშაულებდა სახელმწიფოს რომ მას განვითარებაში ხელშეწყობა არ აქვს და იძულებულია დასჯერდეს სოციალურ დახმარებას.

ასევე, გავიცანი 3 შვილის ქვრივი დედა, მას შვილები საყვედურობენ, რომ ვერ დაჰყავს ცეკვაზე, სიმღერაზე, სპორტზე. ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ იმ მშობლებს, ვინც წინა კვირას შეხვედრაზე მოვიდა, ეს პრობლემები საერთოა ათასობით მშობლისთვის, რომლებსაც კანონი არ აღიარებს როგორც მარტოხელა მშობელს და ასევე, ათასობით მშობლისთვის, რომელსაც კანონი კი აღიარებს, მაგრამ მათზე სახელმწიფო არ ზრუნავს. აქვე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ათასობით მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვია, რომელსაც სრულფასოვანი კვება, ტანსაცმელი, წიგნები, მედიკამენტები და შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ აქვს“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ცნობისთვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას.

პარლამენტი „გირჩის” აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე: ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები