სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 35%–ია

03-04-2024 11:06:58 საზოგადოება ,სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წელს ძალოვანების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიება სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო და აქედან მხოლოდ 118 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა. ამრიგად, გახსნის მაჩვენებელი 35%–ია. აღნიშნული ირკვევა საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური მონაცემებიდან.

ინფორმაციისთვის: ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში, მათ შორის, ასახულია სამართალდამცავების, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენის და გახსნის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს, როგორც პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე განრიდებას და საქმის შეწყვეტას.

კერძოდ, 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზემოხსენებული კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება სულ 291 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 81 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია - 28%. 2023 წელს გამოძიება სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 118 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია - 35%,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები