
ჯაფარიძე – „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: "ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს, საშიში პრეცედენტია"
09/04/2024 05:31:22 პოლიტიკა
"გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საჯარო რეესტრის მიერ „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმება საშიში პრეცედენტია.
„ალტ-ინფოს" პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ. ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს. არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები. მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას და ის, რომ "ალტ-ინფოს" ლიდერები ციხეში უნდა ისხდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 4 აპრილს პარტიის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებდა, რომ ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ რეგისტრაციაში გაატარა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა.