
რას ფიქრობენ კრემლში ზურაბიშვილის იდეაზე
26/12/2019 10:39:07 საგარეო პოლიტიკა
მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეა ე.წ. „ნორმანდიულის“ ტიპის მოლაპარაკებათა ფორმატის ჩამოყალიბების თაობაზე არამართებულად მიაჩნია. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ფორმატი ორმხრივია, ამიტომაც მოლაპარაკებათა ფორმატი ორმხრივი უნდა იყოს.
„ნორმანდიული ფორმატი“ უნიკალურია და ის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების აუცილებლობისთვის შეიქმნა. პრობლემების სტრუქტურა განსხვავებულია, ამიტომ თითოეულ სტრუქტურას თავისი ფორმატი უნდა ჰქონდეს. საქართველოსთან მიმართებაში ვსაუბრობთ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ახლა სულ მცირე, უკეთესის სურვილს ტოვებს. ეს გაუარესება, როგორც ვიცით, გამოწვეული იყო საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელობის ძალიან არამეგობრული პოლიტიკითა და აგრესიული ქმედებებით“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის: 24 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში შემდეგი განაცხადა: "თუ საშუალება იქნება, რომ იყოს "ნორმანდიის" ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება [მისასალმებელია]".
იხილეთ ასევე: რა დგას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნაწილობრივ დაზუსტებული, თუმცა კვლავ გაურკვეველი ინიციატივის უკან