Accentnews.ge
დასამახსოვრებელი მოვლენები 2019 წლიდან

დასამახსოვრებელი მოვლენები 2019 წლიდან

31/12/2019 09:27:48 პოლიტიკა, საზოგადოება

2019 წელი საკმაოდ ბობოქარი აღმოჩნდა საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ყოფისათვის. მასშტაბურობის თვალსაზრისით განსაკუთრებით დატვირთული წლის მეორე ნახევარი იყო. რიგი გარემოებების გამო უკვე შეიძლება, ითქვას, რომ 2019-ის კრიზისები 2020 წელსაც გაგრძელდება და სამწუხაროდ, იგივე პროგნოზი უნდა გაკეთდეს უკიდურესი სიღარიბის პრობლემასთან მიმართებაში, რომელიც 2019-ში არ დაწყებულა და წლების განმავლობაში ვერ გვარდება.

უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ ის მთავარი მოვლენები, რომლითაც 2019 წელმა დაგვამახსოვრა თავი და რომელმაც გავლენა იქონია ან კიდევ იქონიებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე:

TBC-ს საქმე: 2019 წლის დასაწყისშივე – 9 იანვარს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა TBC–ს ირგვლივ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე გამოძიებას აწარმოებდა. მოგვიანებით ფულის გათეთრების ბრალდება დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს წაუყენეს. ამავე საქმეში ბრალდებულია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამა. სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებენ ჯაფარიძე, ხაზარაძე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფომ კონსტიტუციურ გარანტიად აქცია, მისი მშენებლობა, მაღალი ალბათობით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

მოსამართლეების საქმე: 2019 წლის თებერვალში ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დატოვა, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურ დონეზე - მაღალი რანგის პოზიციიდან პირველად დაფიქსირდა დასტური სასამართლოში „კლანის“ არსებობისა და ამ კლანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა. მაშინ ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუგებარი კრიტერიუმებით შერჩეული მოსამართლეების 10–კაციანი სია ჩააგდო. მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უზენაეს სასამართლოში უვადოდ მაინც განამწესა 14 მოსამართლე, მათ შორის - ბესელიას მიერ ჩაგდებული სიის ფიგურანტებიც. კონკრეტული კანდიდატების გამო საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს ევროსაბჭომ, ევროკავშირისა და აშშ–ის საელჩოებმა, რომლებიც საქარველოს დახმარებას უწევენ სასამართლოს რეფორმირებაში. მოვლენები საქართველოში „კლანის“ დროებით გამარჯვებად შეფასდა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამის ფონზე «გვაიმედებს», “მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდ რაღაცეებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცეებს გააკეთებენო“.

დავით–გარეჯი: ინაუგურაციიდან ორიოდ თვეში – თებერვალში საქართველოს პრეზიდენტმა სამეზობლოში ვიზიტი გადაწყვიტა. ანალიტიკოსები სწორედ ამ ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს უკაშირებენ გარეჯის პრობლემის მტკივნეულად „გაღვივებას“. აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბრძანა, «უნდა განისაზვროს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ამ დრომდე დაუდგენელი მონაკვეთებიო» - და 2012 წლის შემდეგ პირველად, 2019 წლის 26 აპრილს გარეჯის თემა კვლავ მღელვარების საგნად იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი, მსვლელობები გარეჯის მიმართულებით როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მხრიდან, ქსენოფობიური განცხადებები, მათ შორის - სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსებისგან და ა.შ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელმაც უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და გამართავს მომავალშიც. საზღვარი სრულად ამ დრომდე არაა დადგენილი.

არავინ დავობს იმაზე, რომ საზღვარი უნდა დადგინდეს. ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკის მთავარი საფუძველი ისაა, რომ როდესაც ქვეყანა საომარ ვითარებაშია ერთ დიდ მეზობელთან, კიდევ ერთთან ურთიერთობაში „ნაღმი“ არ უნდა აიფეთქო.

„გავრილოვის ღამე“: ივნისში საქართველოს სტუმრობდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც პარლამენტში, სპიკერის სავარძელში მოკალათდა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. ამ აქტს ოპოზიციისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღშფოთებული მოქალაქეები შეიკრიბნენ მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ძალა გამოიყენა. სპეცრაზმელები ისროდნენ დამიზნებით, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა, ნაწილმა თვალი დაკარგა. დაშავებულთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. 20 ივნისის დრამატული მოვლენების შემდეგ საზოგადოებრივი პროტესტი გამწვავდა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნას დაემატა მოთხოვნები პროპორციული საარჩევნო სისტემის არა 2024, არამედ 2020 წელს ამოქმედებისა და შს მინისტრის გადადგომის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების გამოძიების პირობა დადო და როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გასცა დაპირება პროპორციული სისტემის ამოქმედების თაობაზე. თუმცა რეალური შედეგები ასეთია: «გავრილოვის ღამედ“ მონათლული მოვლენების გამო დაპატიმრებული მომიტინგეები სადღეისოდ პატიმრობაში რჩებიან, არც ერთი სპეცრაზმელი დაკავებული არ არის, იმხანად შს მინისტრი გიორგი გახარია კი პრემიერ–მინისტრი გახდა.

პროპორციული სისტემა: ხელისუფლებამ უკან წაიღო „გავრილოვის ღამის“ გამო გაცემული დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ და პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში „გაისროლა“: ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ცხოვრებას ბოიკოტი გამოუცხადეს. უკვე რამდენჯერმე განხორციელდა პარლამენტის შენობის პიკეტირება, რის გამოც შსს–ს სამჯერ მოუწია რუსთაველზე სპეცრაზმის გაყვანა, ხოლო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლა პოლიციის მიერ ორგანიზებული დერეფნის საშუალებით უწევდათ. აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა და ამუშავებს გეგმას, როგორ აიძულოს ხელისუფლება, შეასრულოს უკან წაღებული დაპირება. მწვავდება კრიტიკა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. საერთაშორისო მედიაში გაისმა აშშ–ის მთავრობისადმი მოწოდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. დიპლომატების ჩართულობით შედგა ოთხი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და როგორც დაანონსდა, ეს შეხვედრები 2020 წელსაც გაგრძელდება.

შეწყალების საქმე: პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 28 აგვისტოს განხორციელებული შეწყალების აქტი არა მხოლოდ საზოგადოებრივი აღშფოთების, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის საფუძვლად იქცა, ოპოზიცია კი იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, გაუგებარია, ვისი რეკომენდაციით (რადგან შეწყალების კომისია თავად გააუქმა) შეიწყალა ერთი ძებნილი (რომელსაც საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია), ნარკორეალიზატორები, მათ შორის - ისეთიც, რომელმაც საპატიმროში მხოლოდ სამი თვე დაჰყო, და მკვლელები, მათ შორის - პოლიციელის. მიუხედავად არაერთგზის კითხვისა, პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა აქტის მიღებისას და სანაცვლოდ მისი ისედაც შეზღუდული უფლებამოსილების უკვე შეწყალების ნაწილში ფორმირების ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, ექსკლუზიურად შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, თუმცა შეწყალების არსის გათვალისწინებით, ეს უნდა იყოს ჰუმანური აქტი და არა საზოგადოებაში შფოთის შემტანი ნაბიჯი, პრეზიდენტი კი საუბრობს კონკრეტული რეგულაციების განსაზრვრაზე. არადა, სწორედ ამისთვის, კონკრეტულად გაწერილი ნორმებით არსებობდა შეწყალების კომისია, რომელიც პრეზიდენტმა გააუქმა...

სკანდალის შედეგად დაზარალდნენ სხვა პატიმრებიც: ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და ის ამ დროისთვისაც მოქმედებს.

15 წლის ლუკას საქმე: წლის ბოლო ტრაგიკული აღმოჩნდა არა მხოლოდ ლუკა სირაძისა და მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის: პოლიციაში დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდი ერთ–ერთი კორპუსის მე–9 სართულიდან გადმოხტა, იმ მომენტში გადარჩა, თუმცა ექვს დღეშის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ მოზარდზე ზეწოლის განხორციელების პროცესში ჩართული იყო მინიმუმ, კიდევ სამი პოლიციელი. ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით ვიცით მხოლოდ შემდეგი: „მწვანე სკოლის“ კედელზე წარწერა «ამ ცხოვრების დედაც» 10 დეკემბერს გაჩნდა; ამოღებულ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; ადმინისტრაციამ დაიწყო მოსწავლეების ჯგუფურად გამოკითხვა და მათთვის კადრების ჩვენება, რათა ამოეცნოთ, ვინ იყო წარწერის ავტორი; პარალელურად გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელსაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაეცა; მოზარდების გამოკითხვის პროცესს არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში დასწრებია ფსიქოლოგი; გამოკითხვა წარმოებდა ღია სივრცეში, სადაც იმყოფებოდნენ სხვა პირებიც; გამოკითხვა წარმოებდა ღამის 12–ის ნახევრამდე და ჯამში გრძელდებოდა 6,5 საათი; გამომძიებელმა ლუკა სირაძეს უთხრა, რომ „თუ არ აღიარებდა დანაშაულს, მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა“; გამოყენებულ იქნა მოზარდების შეპირისპირება [ამგვარ მეთოდს 2010 წლიდან არ იცნობს სისხლის სამართლის კოდექსი და მით უფრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება]; ლუკას დედას პოლიციის განყოფილებაში გარკვეული დოკუმენტების მიტანა სთხოვეს, რის გამოც მან შენობა დატოვა და ლუკა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში პოლიციელებთან მარტო იმყოფებოდა; საქმის მასალების მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციამ მოიპოვა მოზარდების პირადი მიმოწერა და სახელმწიფო ინსპექტორი მისი მოპოვების კანონიერებას სწავლობს.

"ტროლინგი": 20 დეკემბერს „ფეისბუქმა“ ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც, მისი დასკვნით, საქართველოს მმართველ გუნდთან იყო კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდა. გაირკვა, რომ ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სკანდალიდან თავის დაძვრენას პასუხისმგებლობის რაღაც გაუგებარ „კეთილ შემომწირველებზე“ გადაკისრებით ცდილობენ. თუმცა ეს არაა სკანდალის დასასრული: ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) «ფეისბუქის» გამოძიების პარალელურად საკუთარი კვლევა ჩაატარა (DFRLab-ს თავდაპირველად საქართველოში ორგანიზებული საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია «ფეისბუქმა» მიაწოდა) და დაადგინა: გაუქმებული ვებგვერდები ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ავრცელებდნენ "დამაპირისპირებელ სოციო-პოლიტიკურ შინაარსს, რომელიც ივანიშვილსა და მთავრობაში მის მოკავშირეებს უჭერდა მხარს, ცდილობდნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების დისკრედიტაციას და ამასთანავე, ავრცელებდნენ პრორუსულ ნარატივს, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

წნელისი – ჩორჩანას კრიზისი: ქართული მხარის მიერ აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას საოკუპაციო ხაზთან ვითარების გამწვავება და ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დე ფაქტო საზღვის ჩაკეტვა მოჰყვა. უშუალოდ საგუშაგოს გახსნის მოტივებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა ამომწურავი პასუხები ამ დრომდე არ არის. საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, კითხვები მხოლოდ მოტივაციას ეხება, მით უფრო, რომ ეს ჟესტი „ქართული ოცნების“ მიერ 7 წლის განმავლობაში წარმოებულ პოლიტიკასთან სრულიად შეუთავსებელია. საპასუხოდ ოკუპანტებმა რამდენიმე საგუშაგო გახსნეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ტყვედ აიყვანეს ახალგორის მოსახლეობა, ჩაკეტეს რა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსავლელები. მოსახლეობა მედიკამენტებისა და საკვების მწვავე დეფიციტს განიცდის. პროცესს მოჰყვა მსვერპლიც: ქალბატონი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს და ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე პაციენტი თბილისში ძალიან გვიან გადმოუშვეს და თბილისში მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ქართული საგუშაგოს გაუქმებამდე ცხინვალი დე ფაქტო საზღვრისგახსნას არ აპირებს.

ვაჟა ექიმის «ქეისი»: კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის შესრულების პირობად ცხინვალი საგუშაგოს გაუქმებას აყენებდა, ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო ტყვეობიდან, რომელშიც ის 9 ნოემბერს აღმოჩნდა. რუსმა სამხედროებმა ექიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო დე ფაქტო სასამართლომ მას 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა განუსაზღვრა. ექიმმა არ გაითვალისწინა ადვოკატის რჩევა, პროცესზე ესარგებლა დუმილის უფლებით, განაცხადა, რომ «გადაადგილდებოდა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო ქვეყნის შიგნით საზღვრები არ არსებობს, არსებობენ ოკუპანტები». მან ოკუპირებული ტერიტორია ორიოდ დღის წინ დატოვა.

მაინც რისთვის გაიხსნა წნელისის საგუშაგო და როგორ დავძლიოთ ამ ნაბიჯის მძიმე შედეგები – ამ დრომდე გაუგებარია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S