თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგიერთ თავისებურებაზე

24-04-2024 11:12:48 ანალიზი ,რეკლამა

თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგიერთ თავისებურებაზე

(პირველი ნაწილი)

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

უჩვეულო შესავალი...

ცნობილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის კალამს ეკუთვნის 1886 წლის მოკლე მოთხრობა „რამდენი მიწა სჭირდება ადამიანს?“, რომლის მთავარი გმირი, ღარიბი გლეხი, მიწის მესაკუთრეობაზე ოცნებობს. ამ ოცნების საპასუხოდ ბედი მას გამოცდას მოუწყობს. იგი მიწის ნაკვეთს ნასესხები თანხით იყიდის და მოგვიანებით სარფიანად გაყიდის. მოგებული ფულით მიწის სხვა ნაკვეთებს შეიძენს, მაგრამ არც ეს აღმოჩნდება მისთვის საკმარისი და მზერას სამეზობლო თემის მიწას მიაპყრობს. იქ კი ასეთ პირობას წაუყენებენ: მცირე თანხის სანაცვლოდ საკუთრებაში იმდენ მიწას გადასცემენ, რამდენსაც დღის განმავლობაში ფეხით ისე მოივლის, რომ მზის ჩასვლამდე უკან დაბრუნებაც მოასწროს... ისიც დათანხმდება და გზას გაუდგება. თუმცა, რაც უფრო შორს მიდის და, შესაბამისად, მეტ მიწას იბევებს თავისად, მაინც არ ყოფნის. ამასობაში, მზე დასავლეთისკენ გადაიხრება და ფერმერსაც დაღლა მოეძალება. უკან მისაბრუნებლად ფეხს აუჩქარებს, მაგრამ დაღლა თავისას შვრება. მოთხრობის გმირი ოფლში იწურება, გულისცემაც უფრო და უფრო მატულობს. მართალია, მზის ჩასვლამდე მეზობელ თემს მაინც ჩააღწევს და მის დანახვაზე თემის უფროსიც შესძახებს, რამოდენა მიწა მოიპოვაო, მაგრამ ამ სიტყვებს აზრი ეკარგება, რადგან მოთხრობის გმირი დაეცემა და სულს დალევს. მეზობელ თემს ისღა დარჩენია, რომ გლეხს მცირე ზომის საფლავი გაუთხაროს. სულ ესა ის მიწა, - ასკვნის მოთხრობის ავტორი, - რამდენიც ადამიანს სჭირდება.

მოთხრობის ზოგადი მორალი ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, ნაკლებად აქტუალურია. გაცილებით უფრო საინტერესოა, რომ ეს მცირე ზომის ნაწარმოები ეკონომიკურ ჭრილში გავაანალიზოთ, კერძოდ კი, „ქცევის ეკონომიკის“ (behavioral economics) პრიზმაში დავინახოთ. შესაბამისად, მოთხრობის გმირის, ერთი შეხედვით, სრულიად გასაგები ეკონომიკური მოტივი ეკონომიკური შინაარსის გადაწყვეტილებების მიღებისას მორალისტურ, მათ შორის, საკმარისობის, გონივრული გადანაწილებისა და საჭირო ბალანსის მოსაზრებებს დავუკავშიროთ. ეკონომიკურ აზროვნებაში ამ და სხვა შეზღუდვების არსებობა-არარსებობამ, ისე როგორც მათმა ხარისხმა, სხვადასხვა სკოლების ინსტიტუციონალიზაციას დაუდო საფუძველი. ამ სკოლებს შორის გაუთავებელმა ჭიდილმა კი ეკონომიკურ საზოგადოებას არაერთი გამორჩეული ეკონომისტის ნააზრევი დაუტოვა, იქნება ეს მეინარდ ქეინზი, მილტონ ფრიდმანი თუ სხვა.

მთავარი სათქმელის შესავლად სწორედ რომ ამ მოთხრობის დამოწმება ვარჩიეთ.

გლობალური ეკონომიკის ცალკეული ტენდენციების შესახებ

ამ თავის დასაწყისშივე ასეთ დახასიათებას შევთავაზებდით მკითხველს: ის, რაც დღეს გლობალური ეკონომიკის სისტემაში ხდება, არის არა წინდახედულ განსჯასა და თანამშრომლობაზე ორიენტირების, არამედ უხეში ძალითა და მატერიალური შეზღუდვებით ნაკარნახევი ეკონომიკური ზემოქმედების „პოლიტიკის“ შედეგი. სხვადასხვა წყაროებში ამ პოლიტიკას „მე-4 ვერსის გლობალიზაცია“, „ახალი ბრეტონ-ვუდსის სისტემა“ და სხვა ეგზოტიკური სახელები ეწოდება. თუმცა, ჩვენი აზრით, დღევანდელ ურთიერთობებს სისტემურობასთან და, მით უფრო, გლობალიზაციასთან, საერთო ნაკლებად აქვს. მეტიც: როგორც ახლო წარსულში გვითქვამს, დღეს ერთგვარი პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის პირობებშიც კი ვიმყოფებით.

ობიექტურობის მოთხოვნა აუცილებელს ხდის მიმდინარე წლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზომიერი ოპტიმიზმი აღვნიშნოთ. ეს სტატია ცალკეული ციფრობრივი პარამეტრებით რომ არ ავაჭრელოთ, დასკვნის სახით ვიტყვით: ფონდი მიუთითებს, რომ გლობალური ეკონომიკა „გამორჩეულად მედეგია“ და რომ კრიზისების მთელი წყების (პანდემია, სარეკორდო ინფლაცია, უჩვეულოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ხანგრძლივი კონფლიქტები და სხვ.) მიუხედავად, მისი „რბილი დაშვების“ რეჟიმში გადაყვანა მაინც მოხერხდა. იქვე საუბარია რიგი სისტემაშემქმნელი ეროვნული ეკონომიკური სისტემების (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ა.შ.) იმედისმომცემ ფუნქციონირებაზე. თუმცა მოკლევადიანი ეკონომიკური „აისის“ მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ეკონომიკური პროცესების ახლო ჰორიზონტზე მათი „დაისის“ ნიშნებიც იკვეთება, რაც მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებსა და წამყვან ქვეყნებს შორის გამძაფრებულ (ზოგან კი, „წესების გარეშე“) ინდუსტრიულ პოლიტიკაში კონკურენციასა და სავაჭრო ურთიერთობებში ხელის გადაგრეხას უკავშირდება.

და მაინც, თუ ზოგად სურათზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალური მასშტაბით საქმიან ურთიერთობათა ლიბერალიზაციამ სასურველი შედეგი - ვაჭრობასა და ბიზნესში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე ურთიერთობათა იმგვარი წესწყობილების დამყარება, რომელიც სისტემური კონფლიქტებისა თუ ომების პრევენციას მოახდენდა - ვერ განაპირობა. მთელ მსოფლიოში ზემოხსენებული ეკონომიკური ომის თანმდევ სიმპტომებად უნდა მივიჩნიოთ ასევე:

(ა) მხოლოდ კორპორაციული კაპიტალის ინტერესებზე, ე.წ. კაპიტალისტურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ეკონომიკის კრიზისი;

(ბ) გლობალური ეკონომიკური ინსტიტუტების უუნარობა, ჯეროვნად მართონ მიმდინარე პროცესები, და

(გ) ხელახლა აღზევებული ეკონომიკური ნაციონალიზმი.

დასახელებულთაგან სამივე ფაქტორმა ერთად უკიდურესად გაართულა მსოფლიო ეკონომიკებს შორის სინქრონიზება და მათ მიერ არსებული წინააღმდეგობების ეფექტიანად დასაძლევად საჭირო დროისა და რესურსის მიძღვნა.

ყველა სხვა შესაძლო უარყოფით მოვლენასთან ერთად, გონივრულობისა და თანამშრომლობისაგან დაცლილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, გლობალურად მისმა უმართაობამ, ისე როგორც საკუთარ თავში გამოკეტვამ, მორიგი მეტად სახიფათო სინდრომი გააღვივა - ე.წ. „მტერი შიგნიდან“. ობიექტური მიზეზების ძიებისა და მოკვლევის ნაცვლად, ეკონომიკური მმართველობის მანკიერებებით განპირობებული უთანაბრობისა და სოციალური დისბალანსის წყაროდ დასახელდა როგორც შიდა, ისე გარე წარმომავლობის „ობსტრუქცია და დივერსია“. ასეთი მიდგომა პოლიტიკურადაც უფრო „უსაფრთხოდ“ და „მისაღებად“ იქნა მიჩნეული, ვიდრე საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება და საკუთარ პოლიტიკურ ხელწერაშივე რეალური მიზეზების პოვნა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გლობალურად განახლებული ეკონომიკური წესწყობილებისაკენ მოწოდება, განსაკუთრებით 2008 წელს გამოწვეული დისფუნქციის შემდეგ, წუთითაც არ შემწყდარა. თუმცა ამ მოწოდებათა რეალიზებას, როგორც წესი, ორი რამ აკლდა: ქმედითი იდეები და გაბედული ლიდერები. ამ ორის არარსებობის გათვალისწინებით, რიგი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესში პოპულიზმისა და რადიკალიზმის დამკვიდრებამ, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკის მჭიდრო კონვერგენციამ, უკრაინაში რუსული აგრესიის განახლების შედეგად სიღრმისეული პრობლემების გამომზეურებამ, ცენტრალურ საკითხებად შემდეგი შეკითხვები აქცია: რამდენად მზად არის მხოლოდ კაპიტალსა და კორპორატივიზმზე დაფუძნებული ეკონომიკა ახალი გამოწვევებისათვის? აქვს თუ არა მას დროულად გადაწყობისათვის საკმარისი ნება და სურვილი? ხოლო პირველ ორ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხების შემთხვევაში: როგორ და რა გზით უნდა განვაგრძოთ ჩვენ ყველამ განვითარება და თანაარსებობა შექმნილი ეკონომიკურ-სოციალური უწესრიგობის პირობებში?

ეკონომიკური აზროვნების „დავოსიზაცია“?

თანამედროვე პირობებში ზოგადად პოლიტიკის - მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის - ერთ-ერთ ხარვეზიან ნიშან-თვისებად მისი რეალობისგან მოწყვეტა, „გამრუდებულ სარკეში“ ცქერით კეთება იქცა. შესატყვისი შედეგიც აქვეა, ჩვენს თვალწინ, ჩვენსავე ყოველდღიურობაში.

როგორც აღვნიშნეთ, ამგვარ გამრუდებულ მიდგომას ვერც გლობალური ეკონომიკა გადაურჩა. ამ პრობლემას, პირობითად, „დავოსის სენი“ შეიძლება ეწოდოს - ანუ ისეთი ვითარება, როდესაც გარკვეულ წარმომადგენლობით ფორუმზე (ვთქვათ, დავოსში) გლობალური გამოწვევების დაძლევაზე სასაუბროდ ისეთი ხალხი იკრიბება, რომელმაც, მეტწილად, ამავე გამოწვევების შექმნაში პირადი წვლილი შეიტანა. სწორედ ამავე ხარვეზიანი მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა კორპორაციულ სამყაროსა და ინკლუზიური განვითარების დღის წესრიგს შორის საგრძნობი დაშორიშორება. ამგვარი ნაპრალი კი, თავის მხრივ, სოციალური რყევების ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რაც, საბოლოოდ, უსაფრთხოების საწყისებს, მათ შორის, სოციალურ ერთობასა და შეკრულობას აზარალებს.

ცხადია, რომ თანამედროვე ვერსიის „დავოსიზაციას“ თავისი ახსნაც მოეძებნება, რაც წლების განმავლობაში გლობალურ ეკონომიკაში ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსის შთამბეჭდავ ეკონომიკურ ეფექტს უკავშირდება. თუმცა გარკვეულ დროს აქაც დაიკარგა პროცესის მართვის სადავეები, გაიფანტა სწორი ფოკუსი და კრიტიკული შეფასების უნარი დაქვეითდა. შედეგად, მივიღეთ ყველა კატეგორიის ეკონომიკისათვის - განვითარებული გნებავთ თუ განვითარებადი - ერთიანი და უნივერსალური სტანდარტი, რომელიც არსიც საზოგადოებრივ-სოციალური ერთობისა და მედეგობის ხარჯზე მოგებაზე ჭარბად ორიენტირება იყო. მოგვიანებით ეს სტანდარტი გლობალური თუ ეროვნული უსაფრთხოებისათვის ისეთ უკიდურესად სახიფათო ფორმებში გარდაისახა, როგორებიც არის პოპულიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი.

ამდენად, სემუელ ჰანტინგტონის მიერ „დავოსის კაცებად“ წოდებული მორიგი, 2004 წლის შეკრების შემდეგ, ეკონომიკური და ამასთანავე ეროვნულ უსაფრთხოებასთან გათანაბრებული საჭირბოროტო საკითხი კვლავ სახელმწიფოს როლსა და საბაზრო დერეგულაციას შორის სწორი ბალანსის პოვნაა. ამ შეკითხვაზე გამართული პასუხი ალბათ იმ იაფფასიანი პოპულიზმისა და უპასუხისმგებლო ნაციონალიზმის მოთოკვის ერთ-ერთი საწინდარ იქნება, რომელიც გლობალური სისტემის წონასწორობას ომებზე მეტ საფრთხეს უქმნის, ხოლო ე.წ. „ოთხ თავისუფლებაზე“ (საქონლის გადაადგილების, პირთა გადაადგილების, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება) დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების მდგრადობის ნაცვლად, უფრო ღრმა ფრაგმენტაციას და რღვევას განაპირობებს.

ამავდროულად...

...პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომი გეოგრაფიული ცენტრების დაპირისპირებათა ახალ ფაზაში შედის. ამ დაპირისპირების შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება:

(ა) ფინანსური ნაკადების კონტროლზე;

(ბ) თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომაზე;

(გ) გადამცემი კაბელების მეშვეობით საინფორმაციო მონაცემთა (მათ შორის, პირადი ინფორმაციის ჩათვლით) ტრაფიკის გაკონტროლებაზე; ისე როგორც -

(დ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დაწინაურებაზე.

სამხედრო კონფლიქტის სახეცვლილება ვახსენეთ და, თანაბარი ხარისხით, დღეს უკვე შეგვიძლია ეკონომიკური მეტოქეობის ახლებურ ბუნებაზეც ვისაუბროთ. ეს ისეთი მოცემულობაა, როდესაც, ვთქვათ, ვალუტა აღარ არის მხოლოდ ანგარიშსწორების საშუალება, ენერგეტიკა მხოლოდ ინდუსტრიულ განვითარებას არ ემსახურება, ხოლო სურსათის მიწოდება მხოლოდ სასაქონლო-სავაჭრო ოპერაციების ნიშან-თვისებებით არ ხასიათდება - ერთიც, მეორეც და მესამეც (ეკონომიკური ზემოქმედების დანარჩენ ინსტრუმენტებთან ერთად) გლობალურ ურთიერთობებში დომინაციის, სივრცობრივი გავლენების, საკუთარი გეოპოლიტიკური ნების თავსმოხვევის ამოცანებს შეეწყობა.

პრაქტიკულ სიბრტყეზე თუ განვიხილავთ, დღესდღეობით გლობალური მეტოქეობის გამყოფი ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გადის. შეფარდებითი უპირატესობა ამ ეტაპზე აშშ-ს მხარესაა, რაც, მოკლედ თუ ვიტყვით, რამდენიმე გარემოებით აიხსნება. მათ შორის ერთია აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის სტატუსი. ამასთან ერთად, დოლარში ანგარიშსწორება ამავე ვალუტაში საბანკო დეპოზიტების გამოყენებით ხდება, რაც, რეალურად, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ბანკს აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. შედეგად, ამავე სისტემასთან უპრობლემო ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან ნორმალური საქმიანი ურთიერთობის წინაპირობაა. ამავე თემას უკავშირდება ისიც, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტიდან მოყოლებული, ცნობილი SWIFT-ის სისტემა მონაცემებს აშშ-ს ხელისუფლებას უზიარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირი როდია ის ვნებათაღელვა, რომელსაც აშშ-ს დოლარის ალტერნატივად სხვა ვალუტის დაწინაურება იწვევს.

ასევე მეტად საინტერესო ვითარებაა მონაცემთა გადამცემი კაბელების ირგვლივ. კერძოდ, მაშინ როდესაც ესა თუ ის კაბელი აშშ-ს ტერიტორიას კვეთს, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ხდება ინფორმაციის გადამცემი ნაკადის „გაორება“: ერთი ნაკადი ინფორმაციის საბოლოო მიმღებამდე აგრძელებს მოძრაობას, ხოლო მეორე აშშ-ს შესაბამის უწყებებს აღწევს. ეს და მომიჯნავე თემები (მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით პერსონალურ მონაცემთა გადაცემაზე შიდა კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვები) თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში აღმოცენებული ახალი ტიპის პრობლემატიკას - ციფრულ სუვერენიტეტს - უკავშირდება. აქვე უნდა აღინიშნოს მსოფლიო პროცესებში საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი ძლიერი კატეგორიის - „კვაზი-სუვერენიტეტით“ მოსარგებლე ტექნოლოგიური კომპანიების როლი.

ჯერჯერობით აშშ-ს უპირატესობა ინტელექტუალური საკუთრების ასპარეზზეც აქვს, რაც, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებზე - ნახევარგამტარებზეც - ვრცელდება.

ამ და სხვა მოსაზრებებით განიმარტება დოლარის ალტერნატივად სხვა საანგარიშსწორებო ვალუტის წამოწევის ძალისხმევა, სკანდალი ჩინური „ჰუავეის“ ირგვლივ, სამრეწველო ჯაშუშობის „ნორმად“ გადაქცევა და სხვ.

ამიტომაც, დღეს, ისე როგორც არასდროს, „ეკონომიკური უსაფრთხოება“ და „ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა“ თანაბარი მნიშვნელობისა და აქტუალობის მქონე კატეგორიებია, განურჩევლად ქვეყნისა და მისი ეკონომიკური სისტემის მასშტაბისა და მახასიათებლებისა.

გაგრძელება მეორე ნაწილში..

News

Other news