ოსური მხარე გაფრინდაშვილის გათავისუფლების საფუძვლად შეწყალების შესახებ მის თხოვნას ასახელებს

28-12-2019 12:53:38 კონფლიქტები

ოსური მხარის მტკიცებით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საფუძველი მისი თხოვნა გახდა შეწყალების თაობაზე. ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, დე ფაქტო კომიტეტის მტკიცებით, გამოძიების პროცესში გაფრინდაშვილი ოსურ სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობდა და ცხინვალის იზოლატორში რეჟიმს განუხრელად იცავდა.

„გამოძიების პროცესში, 1989–1992, 2004 და 2008 წლების სამხედრო დანაშაულებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა დასადგენად დაკავებულს წარუდგინეს დოკუმენტური ვიდეო–მასალები, რომელიც ოსური მოსახლეობის მიმართ გენოციდის გამოვლინებებს ასახავს, მათ შორის ზარის და ერედვის ტრაგედიების თაობაზე. ორგანიზებული იყო დაკავებულის გაყვანა აღნიშნული მოვლენების მსხვერპლთა დაღუპვის ადგილებზე. უნდა აღინიშნოს, რომ გაფრინდაშვილმა წარდგენილი მასალების მიმართ ინტერესი გამოხატა, იგი ცხინვალში გადაადგილების დროს კეთილგანწყობას იჩენდა, შეთავაზებულ საკვებზე უარს არ ამბობდა და აქებდა ოსურ სამზარეულოს. ამასთან, ბოლო სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მან ბოდიში მოიხადა „მისი ქმედებებით გამოწვეული დისკომფორტის გამო“, მადლობა გადაუხადა ოს ხალხს „ციხეში კომფორტისთვის“, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ პრეზიდენტ ბიბილოვს შეწყალების თხოვნით მიმართა, რაც მის მიერ ბრალის აღიარებასა და ჩადენილის მონანიებაზე მიუთითებს. მიღებულ იქნა რა მხედველობაში, რომ დაკავებულმა სახელმწიფო საზღვარი პირველად გადაკვეთა, რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალებისა და ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დე ფაქტო ხელისუფლება იმედოვნებს, რომ „კეთილი ნების ეს ჟესტი სათანადო მორალურ ზეგავლენას მოახდენს საქართველო–სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციების ორგანიზატორებზე“.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“.

ცნობისთვის: 20 დეკემბერს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მანამდეც და ამ პროცესზეც გაფრინდაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, რომ არავითარი "საზღვარი" არ არსებობს და შესაბამისად, ის მას ვერ დაარღვევდა. ეს "აქცენტს" პროცესზე დასასწრებლად თბილისიდან ცხინვალში ჩასულმა ადვოკატმა ბადრი მანჯავიძემაც დაუდასტურა.

ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები. საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები