
რას ყვება მოქალაქე, რომელიც შსს–ს თანამშრომლებმა ჯერ ცემეს, შემდეგ დააკავეს
11/05/2024 10:47:03 სამართალი, საზოგადოება
მოქალაქე ირაკლი წიგნაძე, რომელსაც 11 მაისის ღამეს, თბლისში, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს, მოვლენათა ქრონოლოგიას აღწერს.
„ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი, რომ გაევლოთ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ, გასულიყვნენ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს, "შენ გაიწიეო". ანუ მე უნდა წავსულიყავი უკუსვლით, იმიტომ რომ ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ.
ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი, რომ შეეძლოთ, გასულიყვნენ გვერდიდან”. – წერს ირაკლი.
მისივე თქმით, პოლიციელები მიხვდნენ, რომ ის მანქანას არ გაწევდა და "ამიტო დააპირეს მოვლა":
„მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ – ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის "პაძელნიკს" ეუბნება, „ეს დედა****ი თუ არ გაიწევა, რა ვქნათ, გავიდეთ ჩვენო”. დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე, უბრალოდ არ მინდა, ეგონოთ, რომ მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე”.- იხსენებს წიგნაძე და ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ჯგუფურად ცემა:
„არც ხელი შემიბრუნებია და მგონი, მეტად აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ. და ასჯერ რომ მცემეს, მერე ავტობუსთან რომ დავდექი, კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა, მაგაზე დავცინი ვიდეოში.
ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან, სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ, რომ კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის, ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე, როგორც ეს ერთმანეთის ჯიჯგნა. უდიდესი სიბოროტეა, რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.
ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ”. – ამბობს ირაკლი წიგნაძე.
ამ ძალადობის აქტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინციდენტი” უწოდა და განაცხადა, რომ ირაკლი წიგნაძემ „სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში”.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.