
როგორ გამოეხმაურნენ კობახიძის "ევროოცნებას" სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი
27/05/2024 09:41:51 კონფლიქტები
სოხუმი, ცხინვალი და მოსკოვი ეხმიანებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 26 მაისის განცხადებას ხელისუფლების "ქართულ ოცნებაზე - 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთად შეუერთდეს".
აფხაზური "უშიშროების საბჭოს" მდივნის სერგეი შამბას განცხადებით, "აფხაზეთს საკუთარი ამოცანები აქვს - დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, განვითარება და განმტკიცება".
"მათ ჩვენი დაბრუნება 30 წელია, სურთ და კიდევ 300 წელი ენდომებათ - ეს ვის აკვირვებს? მათ ასეთი საგარეო პოლიტიკური ამოცანა აქვთ და ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს" - განაცხადა შამბამ.
ამასთან, მისივე თქმით, დე-ფაქტო ხელისუფლება "ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციული თუ სხვა სახის ურთიერთობების საკითხების განხილვას არ აპირებს".
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ თავის დროზე, 1990-იანების კონფლიქტის წინა პერიოდში მისმა ძმამ - ტარას შამბამ წარადგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ურთიერთობების კონფედერაციულ მოდელს გულისხმობდა და იმ დღეს, როცა იგი აფხაზურ პარლამენტში უნდა განეხილათ, ომი დაიწყო.
"მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ამაზე საუბარიც ზედმეტია" - დასძინა შამბამ.
განცხადება გაავრცელა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყებამაც.
"გვიწევს, მორიგ ჯერზე გავუწბილოთ ბ-ნ კობახიძეს საოცნებო განწყობა და დავაბრუნოთ ისიცა და სხვა "მეოცნებეებიც" რეალობაში, რომელიც განგრძობად ქართულ შიდაპოლიტიკურ კრიზისსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მდგომარეობს. ეს ძალზე სერიოზული ფაქტორებია და საქართველოს ხელმძღვანელობის უუნარობა, მათ გაუმკლავდეს, არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "ევროპული ოცნების" ასრულების ბ-ნი კობახიძის მიერ გახმოვანებულ ვადებს, არამედ საფრთხისშემცველი შეიძლება, აღმოჩნდეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო უწყებაში "აბსოლუტურად მიუღებლად" მიაჩნიათ "ნებისმიერი საუბრები საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. შესვლაზე".
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ეს არის სახელმწიფო, რომელმაც საკუთარი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან მრავალწლიან ბრძოლაში მოიპოვა და თავისუფლებაში უდიდესი ფასი გადაიხადა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხმა სუვერენული სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენი მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტთან საინტეგრაციო კავშირების სასარგელოდ გააკეთა არჩევანი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება" - ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძის სიტყვებს გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინიც.
"არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, რით შეიძლებოდა, ყოფილიყო შთაგონებული საქართველოს პრეიერ-მინისტრი, მაგრამ რანაირად დაიბრუნებს იგი 2030 წლამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, რუსეთის დაცვის ქვეშ არიან და აღიარებულები არიან ამ ხარისხში, დიდად არ მესმის. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურდა, მორიგ ჯერზე წარმოეჩინა თავი პოლიტიკოსად, რომელიც არაფერში ჩამოუვარდება ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისკენ სწრაფვის მიმართულებით" - განაცხადა ზატულინმა.
"ეს, მაღალი ალბათობით, იმ შიდა პოლიტიკური ბრძოლითაა გამოწვეული, რომელიც საქართველოში უცხოეთის აგენტების [უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის] შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამწვავდა. ეს ასევე შეიძლება, უკავშირდებოდეს საქართველოს მმართველი გუნდის სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს მხარი დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ დაუჭირა, აჩვენოს, აქაოდა, "რეალურად, რუსეთის გავლენის ქვეშ არ ვართ, ჩვენ ვისახავთ მიზნებს, რომლებიც რუსეთის მიზნებთან წინააღმდეგობაშია და შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ გარკვეულ პრიორიტეტებზე ჩვენი პოლიტიკის ორიენტირებულობის კუთხითო"... ანუ, იგი თავს იმართლებს ქართული ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე" - განაცხადა დეპუტატმა.
იხილეთ ასევე: მოსკოვი წინააღმდეგი არაა, საქართველოს სოხუმი და ცხინვალი დაუბრუნოს, "ოღონდ ერთი პირობით"