
ზატულინი: არ მესმის, როგორ აპირებს საქართველოს პრემიერი 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას
27/05/2024 15:50:02 კონფლიქტები, პოლიტიკა
26 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აფხაზესა და ცხინვალთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა.
“არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. ნამდვილად არ მესმის, როგორ აპირებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ–მინისტრს სურს, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში.
მისი თქმით, აქ "დიდ როლს თამაშობს" "აგენტების კანონი", რომელმაც საქართველოში პროტესტი გამოიწვია.
"ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში გაძლიერდა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებასთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ამ კანონს დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ, მაინც მეტყველებს იმაზე, რომ "ჩვენ რეალურად არ ვართ რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენ საკუთარ თავს ვუწესებთ მიზნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთს და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ჩვენი პოლიტიკის გარკვეულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს". ის [ირაკლი კობახიძე – რედ] თავს იმართლებს ადგილობრივი ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე", - თქვა ზატულინმა.
ირაკლი კობახიძემ 26 მაისს განაცხადა, "ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".
იხილეთ ასევე: მოსკოვი წინააღმდეგი არაა, საქართველოს სოხუმი და ცხინვალი დაუბრუნოს, "ოღონდ ერთი პირობით"