
პიტერ სტანო: ევროკავშირი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს
10/06/2024 06:35:40 კონფლიქტები, პოლიტიკა
ევროკომისიის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.
"ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში– სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი", – წერს სტანო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით, "ექს–პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია, მესამე – კი "კომუნისტური პარტიაა".