
როგორ კითხულობენ "ქართულ ოცნებაში" ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნას
10/01/2020 12:55:00 პოლიტიკა
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.ამასთან, განცხადებაში საუბარია ხარვეზებზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, არის გარკვეული საკითხები, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„ძალიან პოზიტიურია ის, რომ ამ დასკვნაშიც აღნიშნულია ისეთი რამ, რაც საქართველოს სინამდვილისთვის არ იყო დამახასიათებელი, კერძოდ, მოსამართლეების შერჩევის, გასაუბრების და დამტკიცების სისტემა პრაქტიკა გადავიდა საერთაშორისო სტანდარტის სისტემაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული მიღწევა ქართული დემოკრატიისთვისაც და ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. არის შენიშვნები. ზოგიერთ შენიშვნას შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელიც მაგალითად, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, ამას ვერანაირად ვერ შევცვლით. არის გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობა გვმართებს. მთავარი რეკომენდაცია არის, რომ აღარ გაგრძელდეს შევსება უზენაეს სასამართლოში. ეს თემა არის საფიქრალი, რადგან მხოლოდ ნახევარია ჯერჯერობით დაკომპლექტებული და ეს რაოდენობა საკმარისია, რომ პალატები დაკომპლექტდეს მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობით. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ოდირმა მოგვცა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, დასკვნის კრიტიკული ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.
„ეს დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თვითონ რეფორმასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, მისი ანალოგი, გამჭირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით მსოფლიოში არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილი, თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას ჩვენ მიჩვეულები არ ვართ. ისეთ ფაქტობრივ უზუსტობებზეა საუბარი, მაგალითად, როდესაც შშმ პირს ჰქონდა საშუალება, რომ მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და დასკვნაში არ ჩანს, რომ მათ სცოდნოდათ ის, რომ რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრია. ასევე, დასკვნაში საუბარია, რომ ფრაქციების წევრებს შეეძლოთ დაეთმოთ დრო, თუმცა ეს იყო მხოლოდ შიდაპარტიული დათმობა და სხვა პარტიის წევრებს ეს არ შეეძლოთ. ესეც კი, გახდა კრიტიკის საფუძველი. ანუ არის საკითხები, რომელიც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, ფაქტობრივი უზუსტობებიც არის და ამაზე დაყრდნობით კრიტიკა, რამდენად რეალურია, თავადაც ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.