მოსკოვი "ოცნებისგან" სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას მოითხოვს

18-06-2024 13:52:31 პოლიტიკა

საქართველოს მმართველი გუნდის მიერ ოკუპანტი რუსეთისადმი ლოიალურობისა და მეტიც, საქართველოს კონსტიტუცით გამყარებული პროდასავლური კურსის გამრუდების მიუხედავად, ერთადერთი ხილული რამ, რასაც "ქართული ოცნება" საპასუხოდ მოსკოვისგან იღებს, სიტყვიერი ქება-წახალისებაა. არავითარ სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებას რუსეთი არ აპირებს და მეტიც, კვლავინდებურად მოითხოვს თბილისისგან ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარებასა და მათთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

"საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და სამხრეთ ოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება. ურთიერთობების ნორმალიზება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველო მიიღებს არსებულ რეალობას და აღირებს რესპუბლიკების თანასწორობას. ამასთან დაკავშირებით, ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერას, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციის გზით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა.

მისი თქმით, ეს საკითხები განხილვის საგანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ამავე თემაზე: მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას უყენებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები