Accentnews.ge
აზიის განვითარების ბანკმა ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

აზიის განვითარების ბანკმა ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

24/06/2024 12:47:13 ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას, ADB-სთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) განახორციელებს.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს.

ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ADB და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.

„მოცემული მომენტისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩაატარა არაერთი წინასწარი, ტექნიკური თუ სხვა ტიპის კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან. მივედით იმ ფაზაზე, როცა დეტალური, სრულფასოვანი გენერალური განვითარების გეგმა არის საჭირო. ჩვენ ADB-სთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, გვქონდა წინასწარი შეხვედრები, მათ შორის, ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 35-მდე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საავიაციო საკონსულტაციო კომპანია. დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგანაც ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპით კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორკვირიანი ვადა;

ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. რისი შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადაა 2024 წლის ივლისი.

აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის, (TA) 6707-GEO-ს ფარგლებში, სატრანსპორტო სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ADB-მ მზაობა გამოთქვა, ჩართულიყო თბილისის ახალი აეროპორტის განვითარების პროცესში, რის პირველ მნიშვნელოვან ეტაპსაც წარმოადგენს გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება.

ცნობისთვის: 2023 წლის 5 ივნისს საქართველოს იმჟამინდლმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. მან თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც.

2023 წლის 21 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებდა, რომ ვაზიანში აეროპორტის აშენების შემთხვევაში ბაზის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნებოდა. როგორც იგი აცხადებდა, "არც ერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს".

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მოქმედ მინისტრს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატობის პერიოდში ირაკლი ჩიქოვანი შემდეგს აცხადებდა: "ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ წინაღობა არ არსებობს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S