
SJC: საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება გაუარესებულია
01/07/2024 08:16:57 სამართალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ცნობით, საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება გაუარესებულია
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "საქართველოს ხელისუფლება ხშირად იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მისი ძალისხმევის შედეგად უმჯობესდება. თუმცა, ამავე სტატისტიკური მონაცემების დეტალური ობიექტური ანალიზი და კონტექსტუალიზაცია საპირისპირო დასკვნებზე მიანიშნებს".
"წინამდებარე დოკუმენტში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლები და ბოლო წლებში გამოვლენილი პრაქტიკა, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაჭიანურებული და არაეფექტიანი აღსრულების ტენდენციას აჩვენებს და საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სისტემურ გამოწვევებზე მიანიშნებს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველო აღუსრულებელი გადაწყვეტილებების მაჩვენებლებით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა აზერბაიჯანის და სერბეთის შემდეგ. ამასთან გაზრდილია აღუსრულებული წამყვანი საქმეების რიცხვი, რომელთა ნაწილი 10 წელზე მეტი ხანია შეუსრულებელი რჩება. აღუსრულებლობის ტენდენცია განსაკუთრებით ნეგატიურ შინაარსს სიცოცხლის და წამების დაუშვებლობის უფლებასთან კავშირშიიღებს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპული კონვენციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამოვლენილი კონვენციის რომელიმე მუხლის დარღევევის გამოსწორებას, რისთვისაც სახელმწიფომ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.
ინდივიდუალური ღონისძიებები უკავშირდება მოცემული საქმის ფარგლებში მომჩივნის უფლებების აღდგენას - სახელმწიფომ პირველ რიგში, მომჩივნის უფლებების დარღვევა უნდა შეწყვიტოს და რამდენად შესაძლებელია, გამოასწოროს დარღვევით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. მაგალითად, სახელმწიფო ვალდებულია მომჩივანს გადაუხადოს კომპენსაცია, რომელიც მას ევროპულმა სასამართლომ მიანიჭა მისი უფლებების დარღევევის გამო. როდესაც მხოლოდ ფულადი კომპენსაცია არასაკმარისია უფლების დარღევევის გამოსასწორებლად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფომ გაატაროს სხვა ინდივიდუალური ღონისძიებები. მაგალითად, დარღვეული უფლების ხასიათიდან გამომდინარე, ეს შეიძლება გულისხმობდეს სამართალწარმოების განახლებას არასამართლიანი სისხლისსამართლებრივი წარმოების შემთხვევაში, ან მომჩივნის საქმის გამოძიების განახლებას და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას - არაეფექტიანი გამოძიების შემთხვევაში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება მოითხოვს ზოგადი ღონისძიებების განხორციელებასაც, რომელიც სცდება კონკრეტული მომჩივნის უფლებების აღდგენის საკითხს. ზოგადი ღონისძიებების მიზანია მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენცია, მაგალითად, შიდა კანონმდებლობის, ან სახელმწიფო ორგანოების/სასამართლო პრაქტიკის შეცვლით, რამაც გამოიწვია კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა. მაგალითად, თუ სახელმწიფოში არსებობს მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების სისტემური პრობლემა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა და გაძლიერება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ზოგადი ღონისძიება ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.
გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოები ამ ღონისძიებების შერჩევისას გარკვეული მიხედულების ფარგლებით სარგებლობენ. ეს მიდგომა კონვენციის სუბსიდიური ხასიათიდან გამომდინარეობს - სწორედ სახელმწიფოს ხელისუფლებას აქვს ყველაზე სიღრმისეული ცოდნა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ და ამიტომ, კონკრეტული ნაბიჯების შერჩევის თვალსაზრისით, ის უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე საერთაშორისო სასამართლო.
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ იწყება და მასზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აფასებს, რომელიც წელიწადში ოთხჯერ ტარდება. სახელმწიფო ვალდებულია, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში წარადგინოს აღსრულების გეგმა, სადაც აისახება მის მიერ გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. როდესაც კომიტეტი ჩათვლის, რომ სახელმწიფომ ყველა ღონისძიება განახორციელა გადაწყვეტილების აღსასრულებლად, იგი იღებს რეზოლუციას და საქმეზე ზედამხედველობას ხურავს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მოქმედი სისტემა 2010 წლის ინტერლაკენის კონფერენციის შემდეგ ჩამოყალიბდა და ადგენს ორმაგი ზედამხედველობის პროცედურას (twin track supervision): გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გამართულ უახლოეს სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის კლასიფიკაციას ახდენს. კერძოდ, კომიტეტი აფასებს, გადაწყვეტილების აღსრულება გაძლიერებულ თუ სტანდარტულ ზედამხედველობას ექვემდებარება იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას ავლენს კონკრეტული გადაწყვეტილება. აღსასრულებელი გადაწყვეტილებები დამატებით ორ კატეგორიად იყოფა: წამყვანი და განმეორებითი საქმეები (leading and repetitive). წამყვან გადაწყვეტილებად მიიჩნევა საქმე, რომელშიც ვლინდება სტრუქტურული ან ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი პრობლემა, ხოლო განმეორებითია გადაწყვეტილება, რომელში გამოვლენილი პრობლემა მანამდე მიღებულ სხვა წამყვან საქმეში უკვე გამოვლინდა. კომიტეტი განმეორებით საქმეებს წამყვანი საქმის ქვეშ, ერთ საქმეთა ჯგუფში აერთიანებს და მათი აღსრულების პროგრესს, მინისტრთა კომიტეტი ერთიანად აფასებს.
ქვეყნის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროგრესის დადგენა საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა და რამდენიმე ინდიკატორით შეიძლება შეფასდეს. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი წყარო მინისტრთა კომიტეტის სტატისტიკური მონაცემებია, რაზე დაკვირვებაც გარკვეულ ტენდენციებზე მიუთითებს. თავის მხრივ, ამ მონაცემების ანალიზი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის ხარისხზე სანდო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლები
2023 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში, ევროპულ კონვენციასთან მიერთებიდან დღემდე, მინისტრთა კომიტეტს აღსრულების მიზნით ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 180 გადაწყვეტილება გადაეცა. ამ საქმეებიდან მინისტრთა კომიტეტმა დღემდე მხოლოდ 104 საქმეზე შეწყვიტა ზედამხედველობა (საქმეთა 57%), დანარჩენ საქმეებზე ზედამხედველობა კი გრძელდება (pending cases). ამ მაჩვენებლით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა აზერბაიჯანის და სერბეთის შემდეგ. მიმდინარე საქმეების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ გადაუდგამს აუცილებელი ნაბიჯები მათ საბოლოოდ აღსასრულებლად.
იმის დასადგენად, თუ რა პროგრესს მიაღწია სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისას, ასევე მნიშვნელოვანია წამყვან (leading) საქმეებზე დაკვირვება. როგორც ზემოთ აღინიშნა, წამყვანი საქმეები ავლენს ადამიანის უფლებების სფეროში ახალ პრობლემებს, ხოლო თუ წამყვან საქმეში ვლინდება სტრუქტურული და სისტემური პრობლემები, კომიტეტი მის აღსრულებაზე გაძლიერებულ ზედამხედველობას განახორციელებს. მეორე მხრივ, სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, რომ წამყვან საქმეში გამოვლენილი პრობლემა იზოლირებულია, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარეობს და არ მოითხოვს ზოგადი ღონისძიებების განხორციელებას (isolated case). ამ თვალსაზრისით, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს მიმართ არსებული წამყვანი საქმეების ჯამურ ოდენობა 74 საქმეს შეადგენდა. წამყვანი საქმეებიდან 34% კვლავ მიმდინარე საქმის სტატუსს ინარჩუნებს, ხოლო დანარჩენი საქმეები დახურულია. ამ მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს მხოლოდ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აზერბაიჯანი, ალბანეთი, უნგრეთი, უკრაინა და სომხეთი.
2024 წლის ბოლო მონაცემებით კი, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ 76 საქმეზე ახორციელებს ზედამხედველობას. აქედან წამყვანი საქმეა 27, ხოლო დანარჩენი 53 საქმე სტანდარტულ ზედამხედველობას ექვემდებარება. 27 წამყვანი საქმიდან, გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება 7 საქმე, სტანდარტულ ზედამხედველობას - 19 საქმე, ხოლო 1 ახალი საქმე კომპლექსურ პრობლემებს ავლენს და იმ საქმეების ჯგუფშია გაერთიანებული, რომელიც ასევე გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.
2023 წელს, მინისტრთა კომიტეტს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 12 საქმე გადაეცა აღსრულების ზედამხედველობისთვის. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2022 წელს 10 საქმეს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს - 12 საქმეს. ამასთან, 2023 წელს მინისტრთა კომიტეტს გაძლიერებეული ზედამხედველობ აქვს 7 საქმეზე, 2022 წელს - 6 წამყვანი საქმე, ხოლო 2021 წელს - 5. ამგვარად, ახალი საქმეების ყოველწლიური მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ბოლო სამ წელში, გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქმეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით სისტემური პრობლემების ზრდაზე მიანიშნებს.
ევროპული იმპლემენტაციის ქსელის (EIN) თანახმად, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს, კონკრეტული ქვეყნის პროგრესის შეფასების ყველაზე კარგი მეთოდოლოგია სწორედ წამყვანი საქმეების პროპორციაზე დაკვირვებაა, რომლებიც ბოლო ათი წელია აღსასრულებელია. ეს მიუთითებს, ამ საქმეებში გამოვლენილი სისტემური პრობლემები კვლავაც არ აღმოფხვრილა, რაც მინისტრთა კომიტეტს საქმეზე ზედამხედველობის დახურვისკენ უბიძგებდა. საქართველოსთან მიმართებით, ეს მაჩვენებელი საყურადღებოა. მაგალითად, გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არსებული წამყვანი საქმეებიდან 5 საქმის აღსრულება 5 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამის მსგავსად, სტანდარტული ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქმეებიდან 8 საქმის აღსრულების ზედამხედველობა უკვე 5 წელზე მეტია გრძელდება. 2022 წელს ასეთი საქმეების რაოდენობა 5-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს - 4-ს. მეტიც, ზოგიერთი საქმის/საქმეთა ჯგუფის აღსრულებაზე ზედამხედველობა 10 წელზე მეტი ხანია ხორციელდება და ამ საქმეების ჯგუფს ახალი, განმეორებადი საქმეები ყოველწლიურად ემატება (მაგალითად, ცინცაბაძის საქმეების ჯგუფი). ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოში არსებობს სისტემური და სტრუქტურული პრობლემა, რომლის აღმოფხვრა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ/არ მოხერხდა. შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ მსგავსი სახის უფლების დარღვევის შემთხვევები მომავალში კვლავ განმეორდება", – ნათქვამია ორგანიზაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, ნიშანდობლივია აღსრულებას დაქვემდებარებულ საქმეებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე და ხასიათიც. "მაგალითად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების მცირე ოდენობის მიუხედავად, მასში გამოვლენილი პრობლემები შეიძლება, ძალიან მძიმე პრობლემებზე მიუთითებდეს. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქმეები/საქმეების ჯგუფები შეეხება ისეთ მძიმე სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს, როგორიცაა არასათანადო მოპყრობის პრევენცია და სიცოცხლის უფლების დარღვევა, რელიგიის თავისუფლების ხელყოფა, ლგბტქ+ თემის უფლებების შელახვა და სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება. ამ საქმეების ჯგუფებია:
- ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ (ყოფილი ღარიბაშვილის საქმეების ჯგუფი) - 2011 წლიდან, ეს საქმე აერთიანებს სამართალდამცავთა მიერ არასათანადო მოპყრობის, სიცოცხლის უფლების დარღვევის და არაეფექტიანი გამოძიების შესახებ მიმდინარე 18 გადაწყვეტილებას.
- იეჰოვას მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - 2007 წლიდან, ეს საქმე აერთიანებს რელიგიური ნიშნით დევნის და სიძულვილის დანაშაულებს და სახელმწიფოს არაეფექტიანი გამოძიების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს.
- იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - 2015 წლიდან, ეს საქმე აერთიანებს ჰომოფობიით მოტივირებული თავდასხმებს ლგბტქ+ თემის მიმართ და ამ ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიების შემთხვევებს.
- თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ - 2011 წლიდან, ეს საქმე აერთიანებს სახელმწიფოს მიერ ფემიციდის შემთხვევების პრევენციის და არაეფექტიანი გამოძიების გამო დადგენილ დარღვევებს.
- მერაბიშვილის საქმე - 2017 წლის ეს გადაწყვეტილება ადგენს დაკავების და წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების გამო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას.
- A.D. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - 2023 წელს მიღებული ამ გადაწყვეტილებით დადგინდა გენდერის აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომის პროცედურის არარსებობა.
- მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - 2023 წელს მიღებული ეს გადაწყვეტილება აერთიანებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სფეროში არსებულ გამოვლენილ დარღვევებს. მართალია, ამ საქმეთა ჯგუფი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ არ ექცევა, თუმცა მიანიშნებს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე და მზარდი დარღვევების ტენდენციაზე მიუთითებს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესის სხვა ინდიკატორებია მომჩივანისთვის კომპენსაციის დროულად გადახდა; ასევე, სახელმწიფოს მიერ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ანგარიშგების ვალდებულების დროულად შესრულება გადაწყვეტილების აღსრულების გეგმის წარდგენით. როდესაც სახელმწიფო ამ ვალდებულებას არღვევს, ის ხელს უშლის ევროსაბჭოს მიერ პროგრესის შეფასებას. სახელმწიფოს პროგრესის შეფასება შეიძლება გართულდეს მაშინაც, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას ეზღუდება მოთხოვნილ ინფორმაციაზე წვდომა და შედეგად, ზედამხედველობის პროცესში ჩართულობა.
აღსრულების პროგრესის დამაბრკოლებელი ფაქტორები
მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილებების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები ორი სახის არის. ერთი მხრივ, გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება დააბრკოლოს გამოვლენილი პრობლემების კომპლექსურობამ და სენსიტიურობამ. ასეთი შემთხვევებია სახელმწიფოთა შორის საქმეებში გადაუჭრელი კონფლიქტები, რასაც პრობლემის პოლიტიკური განზომილება ართულებს. მეორე მხრივ, ხანგრძლივად არსებული სისტემური და კომპლექსური პრობლემები უნდა აიხსნას ქვეყანაში რეფორმების გატარების პოლიტიკური ნების არარსებობით.
საქართველოს შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად პოლიტიკური ნების არასებობაზე მიუთითებს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის მაგალითი: სახელმწიფოს მიერ, წლების განმავლობაში არაერთი ღონისძიების გატარების მიუხედავად, მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია და ეფექტიანი გამოძიება კვლავაც ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს, რასაც მინისტრთა კომიტეტის შეფასებებთან ერთად, სახალხო დამცველის, და არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ანგარიშები მეტყველებს. მაგალითად, 2022 წელს დაჩქარებული და არადემოკრატიული ფორმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურით, სამსახურის უფროსად მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური პიროვნების არჩევა, სამსახურის არასაკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიებთან ერთად, არასათანადო მოპყრობის პრაქტიკების აღმოფხვრის პოლიტიკური ნების არარსებობის დემონსტრირებაა. შესაბამისად, მოულოდნელი არ არის, რომ სამსახური სათანადოდ არ რეაგირებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატს და სამართალდამცავთა მიმართ საზოგადოების ნდობის დეფიციტს აღრმავებს.
გასათვალისწინებელია, რომ 2022 წლიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს დაეკისრა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება.თუმცა, ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, არსებობს სამსახურის მიერ ამ ფუნქციის არასათანადო შესრულებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური ეჭვები. მაგალითად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმის ძალაში შესვლიდან 1 წელზე მეტი ვადის გასვლის და მინისტრთა კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, თავს არიდებს გამოძიების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რაც კონვენციის 46-ე მუხლის ვალდებულების დარღვევის ნიშნებზე მიუთითებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.
SJC–ის ცნობით, ევროპული კონვენციის აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით დაწყებული რეფორმის (ინტერლაკენის პროცესი) შეფასების დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ დონეზე კონვენციის წარმატებული აღსრულების მთავარი ფაქტორი წევრ ქვეყნებში სწორედ უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებების არსებობაა, რომელიც შეძლებს ინდივიდთა დარღვეული უფლებების სათანადოდ აღდგენას ქვეყნის შიგნით, რათა აღარ იყოს აუცილებელი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა.
"მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლების სტატისტიკა საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების არასახარბიელო ტენდენციაზე მეტყველებს და აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა სისტემური გამოწვევები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. აღუსრულებელი საქმეების რაოდენობა იზრდება და ჭიანურდება მათი აღსრულების პროცესიც. ამ კუთხით განსაკუთრებით უნდა ხაზი გაესვას სიცოცლის უფლებისა და წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის, ასევე ლგბტი ადამიანებისა და რელიგიუირი უმცირესობების უფლებების დაცვის, ფემიციდის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის საქმეებს. ადგილობრივ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებების არარსებობის პირობებში მოსალოდნელია, რომ მათ შორის, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე არაეფექტიანი რეაგირების გამო, ევროპულ სასამართლოში მომჩივანთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რაც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის განგრძობად დარღვევას მიანიშნავს. ქვეყანაში ავტორიტარული პრაქტიკების გაძლიერების ფონზე, ევროპული სასამართლოს აღსრულების პროცესის გაურესების ტენდენცია ხარვეზები საგანგაშოა და ის სულ უფრო მეტად ართულებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლობლობებს. ცხადია, რომ ეს პროცესი ნეგატიურად აისახება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზეც, რომელმაც მის თავდაპირველ რეკომენდაციებში დააპრიორიტეტა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი", – აცხადებენ ორგანიზაციაში.