
ბაბაევს ბრალი წარუდგინეს: "პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო"
03/07/2024 10:00:45 სამართალი
ბიზნესმენს, სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს ბრალი წაუყენეს.
"მთავარი არხის" ცნობით, ბაბაევს ბრალი 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, 4-დამ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალის საფუძველი კი რამდენიმე სამართალდამცველის ჩვენება გახდა, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბაბაევი უკანონო იარაღით გადაადგილდებოდა, გააჩერეს, გაჩხრიკეს და ეს იარაღი ამოიღეს. თუკი აქამდე საქმეში 2 იარაღი ფიგურირებდა, ["მაკაროვი" და "კალაშნიკოვი"], გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც პოლიციის მიერ ჩატარებული ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო, ბაბაევს ახლა ერთი იარაღის უკანონოდ ფლობას ედავებიან. თავად ბაბაევის დაკავებას არ გამორიცხავს.
"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რუსული ტერორი, არ უყვართ კრიტიკულად და პროევროპულად მოაზროვნე ადამიანები და უნდათ გააჩუმონ ნებისმიერი გზით. პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო, გასაგებად რომ გითხრათ ეგრეა. ავტომატს მედავებიან, რომელიც თვითონვე ჩადეს მანქანაში", ამბობს ბრალის წარდგენის შემდეგ ბაბაევი.
ახლა პროკურატურამ გორის სასამართლოს აღკვეთის პროცედურაზე უნდა მიმართოს, სადაც გაირკვევა, შეუფარდებენ თუ არა წინასწარ პატიმრობას ბაბაევს.
ცნობისთვის: ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
6 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ დაკავებული იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო. შესაბამისად, ბაბაევი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის მოსამართლის ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და იოსებ ბაბაევის ავტომობილის ჩხრეკა პირადი ჩხრეკისგან განსხვავებით კანონიერად ცნო. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ბაბაევს დღეს ბრალი წაუყენეს.
- ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.