ძიძიგური – შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე: „ნუცას სკოლაა?!“
17/01/2020 19:20:13 პოლიტიკა
„კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნება უპირველესად ხელისუფლებისთვისაა დამაზიანებელი, არ არის სწორი, პრაგმატული და არც პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„შოთაძის დაბრუნება არასწორია. რა, დათქმით გადადგა? „გადავდგები ახლა და წელიწადნახევრის შემდეგ უკან დამაბრუნეთო?“...მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ გადადგა ადამიანი და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. ჩხენკელის და ღარიბაშვილის მაგალითი ამასთან შესადარებლად ახლოს ვერ მოვა: ეს იყო სკანდალური თემა, იყო საპროტესტო აქციები, მოზარდების ძალიან მგრძნობიარე თემა. ასეთ დროს მიიღო შოთაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ის ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებოდა, „თუ თვლით, რომ ეს ჩემს გამოა გამოწვეული, მაშინ მე წავედიო“. წავიდა და წელიწადნახევრის შემდეგ უკან ბრუნდება. ეს არაა სწორი და ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, ხელისუფლებისთვისაა დამაზიანებელი. კომენტარები მოვისმინე და პრაქტიკულად გადაწყვეტილია მისი უკან დაბრუნება, სხვაგვარად ვერ აიხსნება ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირების განცხადებები. გადადგა კაცი და დაბრუნდა, ნუცას სკოლა ხომ არ არის?! ეს პოლიტიკური პროცესია, ეს საზოგადოებაში არ უნდა იწვევდეს პროტესტს, გაღიზიანებას, რაღაცა ტიპის ვნებათაღელვას“,– განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს გენპროკურორის თანამდებობაზე გადამდგარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელმაც 2018 წლის 31 მაისს ხორავას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე დატოვა თანამდებობა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ თუ საპროკურორო საბჭო აირჩევს შოთაძეს, თავად მხარს დაუჭერენ.
იხილეთ ასევე: ვინ აიძულა შოთაძეს გადადგომა – გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეხვედრის დეტალებს იხსენებს


