
"კოალიცია ცვლილებისთვის" – წიქარიშვილზე: "ოცნება" ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს მორიგ ჯერზე დგამს
23/07/2024 06:10:16 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
"კოალიცია ცვლილებისთვის" სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს".
"თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევით შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება.
მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ,,ქართული ოცნება’’ მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით შემუშავებული ,,ქართული ქარტია’’ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმას. როგორც აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავრჩებით შეთანხმების ერთგულები, შევცვლით ამ მანკიერ სისტემას და სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გავათავისუფლებთ", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
"უპრეცედენტო რამ მოხდა – სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში",– განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ამავე თემაზე: წიქარიშვილი: წვდომა მექნებოდა ბევრ ინფორმაციაზე და ამის შეეშინდა სისტემას!