23-07-2024 18:03:03 პოლიტიკა ,საზოგადოება ,ეს საინტერესოა
კითხვები მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილის გადაწყვეტილების ირგვლივ, რომელმაც პრეზიდენტს ფაქტობრივად არ მისცა უფლება კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. საუბარია იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების თაობაზე. სწორედ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და "სასამართლოს კლანურ მმართველობაზე“, რომელზეც სამოქალაქო სექტორი წლებია, საუბრობს.
უფლებამოსილებაში ჩარევის თაობაზე შეფასებას იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც და ფიქრობს, რომ მანუჩარ კაკუჩაშვილის სარჩელი სასამართლოს განსახილველად არც უნდა მიეღო. ვინაიდან, როგორც თავად განმარტავს, პრეზიდენტის კონკრეტული უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით, როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. დამატებით კანონი პრეზიდენტს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს ამ საკითხში გარდა ერთისა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშნული პირი. მათ შორისაა, უმაღლესი იურიდიული განათლება, მუშაობის გარკვეული გამოცდილება. პრეზიდენტს უფლება აქვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს ნებისმიერი პირი, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებს. კანონი პრეზიდენტს იმასაც კი არ ავალდებულებს, რომ კონკურსი ჩაატაროს:
„მაგრამ, იმისათვის რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად ობიექტურად შეერჩია ამ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, მან გადაწყვიტა და მას ამის სრული უფლება ჰქონდა, გაემართა ღია კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე შეერჩია კანდიდატი. პრეზიდენტს შეეძლო ეს კონკურსი გაემართა, შეეძლო არ გაემართა, ეს მისი უფლებაა, რადგან კონსტიტუცია ამბობს - პრეზიდენტი ნიშნავს ამ პირს და არანაირი სხვა პირობა არ დაადო თუ როგორ შეარჩევს იგი მას.
შესაბამისად, კონკურსის რომელიმე მონაწილის მიერ პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა“.
მისი შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რის უფლებაც მას არ ჰქონდა“.
იმ პირობებში, როდესაც მუდმივად საუბარია სასამართლოს გადატვირთულობასა და საქმეების განხილვის გაჭიანურებაზე, ყურადღება მახვილდება სარჩელით უმოკლეს ვადაში დაინტერესებაზე (ორშაბათს შედის სარჩელი სასამართლოში, ასევე შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და რამდენიმე საათში იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას), ასევე საუბარია მოსამართლის (ლიელა ფოლადიშვილი) სასამართლოს „გავლენიან ჯგუფთან“ კავშირებზე.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო წინასწარ იყო გაფრთხილებული ამ სარჩელზე და მყისიერად მოახდინა რეაგირება, რაც არ ხდება ჩვეულებრივ საქმეებზე“,– ამბობს წიქარიშვილი. მან მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლოდან გამოითხოვა, რის შემდეგაც პროცესში ჩართვას მოითხოვს.
მაინც ვინ არის მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილი? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით:
განათლება
სამუშაო გამოცდილება
ლეილა ფოლადიშვილი ფიგურირებდა იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მიუხედავად კრიტიკისა, დანიშნა. გარდა ამისა, ლოლადიშვილი იყო იმ ოთხ მოსამართლეს შორის, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერეს „ანტიკორუფციული ბიუროს“ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეემოწმებინა კონკრეტული მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობა. მაშინ სასამართლოს მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ მიმართეს, რომლებიც დამოუკიდებელმა კომისიამ 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია შესამოწმებლად.
ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი იხსენებს, რომ მოსამართლედ დანიშვნამდე ფოლადიშვილი იყო აშშ–ის მიერ სანქცირებული მოსამართლის ირაკლი შენგელიას თანაშემწე, ასევე „კლანის“ წევრად მოაზრებული გიორგი მიქაუტაძის ( საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე) სხდომის მდივანი. „ის ერთი პირობით არის მოხვედრილი სასამართლო სისტემაში – უნდა შეასრულოს მითითებები. გადაწყვეტილებაც ალბათ, წინასწარ იყო დაგეგმილი. ამგვარ გადაწყვეტილებებს ის დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ მიიღებს,– აჯამებს ლალიაშვილი.