კობახიძე – სუს-ის განცხადებაზე: ტერაქტთან დაკავშირებით ევროკომისარმაც გამაფრთხილა

24-07-2024 12:20:36 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაცია "უაღრესად შემაშფოთებელია". სუს-ი გამოძიებას აწარმოებს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით. სუს–ში ამტკიცებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინიდან გეგმავდნენ "საქართველოში დანაშაულებრივ ქმედებებს", მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას.

"რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, თქვენ ხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი - ერთი სლოვაკეთში, მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ეს გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური" - ამბობს კობახიძე.

მან ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა:

"თქვენ გახსოვთ სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთერთ ევროკომისართან, მოგვიანებით, ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ანუ ჰქონდა ეს აღიარება, მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ მან თქვა, პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები.

გაფრთხილებაც არსებობდა, ეს არ იყო, რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს ერთგვარ "მესინჯერად" იმისთვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს".

მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ გამოძიების თანახმად "ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი – იმ ადამიანების, ვინც დღეს ფიზიკურად იმყოფებიან უკრაინაში":

"ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი ფაქტების პრევენცია და ამისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს".

კითხვაზე, რატომ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი პასუხობს, რომ "ყველას კარგად მოეხსენება, ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე, ამის მიღმაც კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი".

მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი "მშვიდობის გარანტია":

"აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე – ეს იყო ზოგადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი, ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემ მიმართ, ანუ ჩემ მიმართაც იყო, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის, ის შეიძლება ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი" - ამბობს პრემიერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები