უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: "რაღაც ჯოჯოხეთია!"

23-01-2020 13:10:53 პოლიტიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს "მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს. როგორც თოდუა განმარტავს, წარსულში კრიტერიუმები არ არსებობდა, ახლა კი არსებობს.

„ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია: ჩვენ ხომ შედარება უნდა გავაკეთოთ – რა იყო გუშინ, რა არის დღეს. მანამდე არავის არაფერს ეკითხებოდნენ, ისე ხდებოდა წარდგენა. ახლა არსებობს კანონი, რომელმაც დაადგინა კრიტერიუმები, არის ეტაპები. მე რომ მკითხოთ, ეს ეტაპები რაღაც ჯოჯოხეთია. მე არ შევიტანდი განცხადებას, რადგან დამერწმუნეთ, ძალიან ძნელია, ამდენი და ასეთი სტრესი გაიარო. აღნიშნულმა კანდიდატებმა ეს სტრესი გაიარეს. შეიძლება მეკითხებით, რატომ არ არის ყველა ტოპ მოსმართლე? არც ერთი ქვეყნის უზენაეს სასამართლოში არ არის ყველა ტოპ მოსამართლე. შეიძლება, იყოს რამდენიმე, ისიც საკმარისია. დანარჩენები კარგი პროფესიონალები უნდა იყვნენ და ისინი ერთად იმუშავებენ, მიიღებენ გადაწყვეტილებას“ ,- ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლეებთან დაკავშირებულ მწვავე კრიტიკას, თოდუა ამბობს, რომ მას ბოლომდე არ იზიარებს და მიესალმებოდა "ობიექტურ კრიტიკას“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მწვავე პროტესტის ფონზე დანიშნა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე. არასამთავრობო სექტორი მიუთითებს სასამარტლოში "კლანის" არსებობაზე და მან პარლამენტის გადაწყვეტილება სწორედ "კლანის გამარჯვებად" შეაფასა.

საქართველოს პარლამენტმა კრიტიკა დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოებისგანაც დანიშნული მოსამართლეების კომპეტენციასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები