
გამყრელიძე – NCDC-ისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის აშშ–ის მიერ დახმარების შესაძლო შეჩერებაზე: "ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ, ამ კვირაში უფრო იქნება"
05/08/2024 08:49:51 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC-ისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის აშშ–ის მიერ დახმარების შესაძლო შეჩერებაზე "ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ, ამ კვირაში უფრო იქნება".
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სტრატეგიული დაწესებულება, მარტო ლუგარი ხომ არ არის, კი ლუგარი არის მოთავე ლაბორატორია NCDC-ს თორემ ამის გარეშე ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით შექმნილია ლაბორატორიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, მათ შორის 10 არის NCDC-ის და 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ, ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მუშაობს, ეს არის ცხოველთა, ადამიანთა და მცენარეთა ჯანმრთელობა, ეს არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. საუბარია რომ შეჩერდეს, თუ დაპაუზდეს, თუ როგორც არის მე არ ვიცი, ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ, ამ კვირაში უფრო იქნება, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას. მე მაინც მგონია, რომ შეიძლება რადგან ეს ჯანმრთელობას ეხება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, არ გაავრცელონ ჩვენმა მთავარმა პარტნიორებმა", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, გამყრელიძე.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.