
ლუგარის ლაბორატორიის დახურვის შესახებ რუსეთის სურვილის ასრულებაში "ოცნებას" ადანაშუალებენ, ხოლო "ოცნება" – აშშ–ს
05/08/2024 11:01:59 პოლიტიკა
თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიის "ფორმულა" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, "ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეჩერებული 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების ნაწილში ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც (NCDC) მოხვდა".
ოპოზიციის ნაწილი ლუგარის ლაბორატორიის დახურვის შესახებ რუსეთის სურვილის ასრულებაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, ხოლო მმართველი პარტია– აშშ–ს.
"ვეხმიანებით გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სწორედ, ჩვენი ხელისუფლების მიერ ინიცირებული „რუსული კანონის“, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის, ანტიდასავლური რიტორიკის და ქმედებების დამსახურებაა, ხელისუფლების, რომელიც აგრძელებს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებზე თავდასხმას, შეურაცხყოფას, დემოკრატიული ღირებულებების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ფეხქვეშ გათელვას. "ქართულ ოცნებას" სისრულეში მოჰყავს რუსეთის დიდი ხნის ოცნება, რომ არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის სამეცნიერო ლაბორატორიულმა სისტემებმა, რომლებიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას ქართული ჯანდაცვის სისტემაში, მასში შემავალი უმნიშვნელოვანესი რგოლები კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის საყრდენსა და საფუძველს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის რეგიონისთვის როგორც ბიოსამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისთვის სტუდენტებისთვის, მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესზე, რომლის შედეგადაც ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად 10 მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამებისთვის, პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის დარტყმის ქვეშ დააყენოს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ანი ქავთარაძემ.
გარდა ამისა, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას აკარგვინებს ინვესტიციებს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში, ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით":
"საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა, „ქართული ოცნების“ რუსული მთავრობის პირობებში უკიდურესად დაზიანდა. ესაა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანმიმართული სვლა დასავლეთის წინააღმდეგ.
ამის კიდევ ერთი მაგალითია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა.
ეს არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკისა, რომელიც ემსახურება და ატარებს რუსეთის ინტერესს, სრულად მოიშალოს საქართველოში დასავლური ინსტიტუციები და არსებული თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიული სისტემები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს, როგორც პრევენციული მედიცინის ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
ლუგარის ცენტრი რომლის გახსნასაც 2012 წელს სენატორი ლუგარი პირადად ესწრებოდა, საქართველო - აშშ-ს პარტნიორობის ერთ -ერთი სამაგალითო და ხელშესახები შედეგია. იგი ყოველთვის რჩებოდა რუსეთის სამიზნედ და დღეს რუსეთის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელით შექმნეს გარემო, რომელშიც ქართველის ხალხი ზარალდება.
ლუგარის ლაბორატორია წამყვანი ინსტიტუტი იყო С ჰეპატიტისა და კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც ათასობით ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა.
სამწუხაროდ, ლუგარის ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ბიოსამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისთვის, როგორც სტუდენტების, ისე მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად, რაც დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს დარგის მომავალს და სრულიად ჯანდაცვის სისტემას.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას აკარგვინებს ინვესტიციებს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში, ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით.
“ძლიერი საქართველო” შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ანტისახელმწიფოებრივი კურსით და დებს პირობას, რომ რუსული მთავრობის გასტუმრების შემდეგ უსწრაფესად აღადგენს სტრატეგიულ ურთიერთობებს პარტნიორებთან, ყველა მიმართულებით, მათ შორის ბიოუსაფრთხოების დარგში".
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ "რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას და არ იციან, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ნარატივს რატომ მისდევს კვალდაკვალ".
"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში არსად არ იძებნება, არც ერთი პენსია, ხელფასი, ჯარისკაცის თუ პოლიციელის, სახელმწიფო ინსტიტუციის და სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება. ყველაფერი ფინანსდება საქართველოა ბიუჯეტიდან, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია. ლუგარის ლაბორატორიაში თუ რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია. ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, არ ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ნარატივს რატომ მისდევს კვალდაკვალ. სურათი არის ნათელი, ინტერესი იმისა, რომ საქართველო იქნას გარკვეულწილად მეორე ფრონტის ქარცეცხლში ჩათრეული, როგორც ჩანს, კვლავ ძალიან მაღალია. ამას ემსახურება სწორედ ეს განცხადებები, რომელთა უკანაც რაიმე კონკრეტული არგუმენტიც კი არ არსებობს. ასეთი ზეწოლა საქართველოზე გამიზნულია ერთი მარტივი მიზნისათვის, რომ რამენაირად ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა, შანტაჟი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამენაირად რაღაც პროცენტი მიაღებინონ“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის: 2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ამოქმედების დღიდან რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებს დეზინფორმაცია ხსენებულ ცენტრში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, ასევე საშიში ვირუსების შტამების შექმნის შესახებ. ანალოგიური ბრალდებები გამოითქმის მედიის კვალდაკვალ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.
ასე, მაგალითად, 2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლაბორატორია მოინახულეს მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტებმა. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“. აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არაერთი ვიზიტი აქვთ განხორციელებული რუსეთის წარმომადგენლებსაც.
რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".
უკრაინაში შეჭრის დღიდან მოსკოვმა ლუგარის ცენტრის საწინააღმდეგო სადეზინფორმაციო კამპანიის ახალი ტალღა ააგორა.
ლუგარის ლაბორატორია: რეალობა
სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.
როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.
როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.
კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
ამავე თემაზე: მოსკოვს კვლავ თბილისის ლუგარის ლაბორატორია გაახსენდა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
- 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
- 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
- 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
- 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021