
ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ამერიკამ ლუგარის ლაბორატორიასა და NCDC-ს რამდენიმე მიმდინარე პროექტის დაფინანსება შეუჩერა
06/08/2024 07:23:09 პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ აშშ–მა ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC) რამდენიმე მიმდინარე პროექტის დაფინანსება შეუჩერა.
მისი თქმით, საუბარია მაქსიმუმ, 2 მილიონი ლარის ირგვლივ.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“.
„საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში მიმდინარე პროექტები გადაიხედოს.
"შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილად ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ამ თვალსაზრისით მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის ყველა ამის მსურველ ადამიანს რეალურად, მოესპობა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიის "ფორმულა" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, "ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეჩერებული 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების ნაწილში ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც (NCDC) მოხვდა".
ამავე თემაზე: ლუგარის ლაბორატორიის დახურვის შესახებ რუსეთის სურვილის ასრულებაში "ოცნებას" ადანაშუალებენ, ხოლო "ოცნება" – აშშ–ს.
ცნობისთვის: 2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ამოქმედების დღიდან რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებს დეზინფორმაცია ხსენებულ ცენტრში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, ასევე საშიში ვირუსების შტამების შექმნის შესახებ. ანალოგიური ბრალდებები გამოითქმის მედიის კვალდაკვალ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.
ასე, მაგალითად, 2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლაბორატორია მოინახულეს მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტებმა. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“. აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არაერთი ვიზიტი აქვთ განხორციელებული რუსეთის წარმომადგენლებსაც.
რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".
უკრაინაში შეჭრის დღიდან მოსკოვმა ლუგარის ცენტრის საწინააღმდეგო სადეზინფორმაციო კამპანიის ახალი ტალღა ააგორა.
ლუგარის ლაბორატორია: რეალობა
სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.
როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.
როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.
კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
- მოსკოვს კვლავ თბილისის ლუგარის ლაბორატორია გაახსენდა.
- დეზინფორმაცია: უკრაინასა და საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორიებია, რომლებშიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
- 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
- 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
- 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
- 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021