06-08-2024 18:12:05 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სამინისტრო "საელჩოების" გახსნას გეგმავს ნიკარაგუასა და ვენესუელაში. ამის შესახებ დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს საკითხი ჩვენი თვალთახედვის ველშია და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში განხორციელდება“, - განაცხადა ჯიოევმა.
მანამდე ჯიოევი ეწვია ნიკარაგუას.
„ნიკარაგუის პრეზიდენტმა ძალიან თბილად მიგვიღო და დაინტერესდა რესპუბლიკაში არსებული ვითარებით“, - განაცხადა ჯიოევმა.
ასევე მან კომენტარი გააკეთა რუსეთისა და საქართველოს პოზიციების დაახლოებაზე, ისაუბრა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე:
„რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ ნებისმიერი ქმედება არ შელახავს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს. ჩვენი რუსი კოლეგები გვაღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება სამხრეთ ოსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამაზე საუბრობენ რუსეთში და ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა მან.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებს – აფხაზეთსა და ცხინვალს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.