გახარია – კონგრესმენებს: "შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები უნდა საუბრობდნენ"

23-01-2020 21:00:33 პოლიტიკა

ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე დავსხდეთ და წყნარად, მშვიდად ვისაუბროთ; შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსში ქართველი ჟურნალისტის მიერ 4 ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ-ი მხარს უჭერს. შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ; ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა პრემიერი, პირადად გააცნოს "ობიექტური რეალობა" წერილის ავტორებს, გიორგი გახარიამ უპასუხა - “რა თქმა უნდა”.

ცნობისთვის: ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი მისწერეს.

წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

წერილთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ ეს ორპარტიული გაფრთხილებაა მეგობრებისგან:

„საქართველოს მთავრობა ამ წერილს სერიოზულობით უნდა მოეკიდოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, შეწყვიტოს ან შეცვალოს ქმედება. ისინი აფრთხილებენ იმ ნეგატიური ტენდენციების შესახებ, რომელიც ეხება მთავრობის ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო დამოუკიდებლობას და ძალაუფლების კონცენტრაციას. ამ გაფრთხილების ავტორები საქართველოს მეგობრები არიან“.

იხილეთ ასევე: ინფორმირებული თუ შეცდომაში შეყვანილი პარტნიორები აშშ–სა და ევროპაში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები