
კურსკის ოლქში რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცის დატყვევების შესახებ იუწყებიან
07/08/2024 17:21:55 მსოფლიო
რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი სავარაუდოდ, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე შეტევის დროს ტყვედ აღმოჩნდა,– იტყობინებიან უკრაინული არხები.
როგორც Bild-ის სამხედრო დამკვირვებელი ჯულიან რეპკე წერს, 40-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა უკრაინის სუმის რეგიონისა და რუსეთის კურსკის ოლქის საზღვარზე, სუჯას საგუშაგოს მიდამოში. იმავე ინფორმაციას 24-ე სპეციალური ოპერაციების ბრიგადის "აიდარის" ჯარისკაცზე მითითებით ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი ადასტურებს. ორივე შემთხვევაში, პუბლიკაციებს ახლავს ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია გზაზე მწოლიარე რამდენიმე ათეული ადამიანი შენიღბული ფორმაში.
z-არხების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მანამდე სუჯას საგუშაგოზე ალყაში იყვნენ, ტყვედ ჩავარდნენ, ხოლო მათი დატყვევების კადრები გადაღებულია "სიბინტეკის" ბენზინგასამართ სადგურთან, რომელიც საგუშაგოს მიმდებარედაა განთავსებული.
რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი ირწმუნება, რომ უკრაინელი სამხედროების წინსვლა შეაჩერეს, თუმცა ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსეთის თავდაცვა ირწმუნებოდა, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე განსხვავებული ცნობები გავრცელდა. კერძოდ, რამდენიმე დასახლემული პუნქტის დაკავების შესახებ. პარალელურად უკრაინის სუმის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
- რუსეთის კურსკის ოლქის მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
- მედია: უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში „გაზპრომის“ უკანასკნელი პუნქტი ჩაიგდო ხელში, რომლითაც ევროპას გაზი მიეწოდება
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. უკრაინა მიმდინარე ოპერაციაზე კომენტარს არ აკეთებს.