Accentnews.ge
კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული ჯარების შეტევა გრძელდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზი და ოსი "მოხალისეები" გადაისროლეს

კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული ჯარების შეტევა გრძელდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზი და ოსი "მოხალისეები" გადაისროლეს

09/08/2024 09:28:00 კონფლიქტები

რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა უკრაინული არმიის შეტევა გრძელდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზი და ოსი "მოხალისეები" გადაისროლეს.

"უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის დახმარებისკენ მოგვიწოდა. ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და უკვე ადგილზე ვიმყოფებით" - ნათქვამია "დონ ბასის ველური დივიზიის" განცხადებაში.

ცნობისთვის: ამ დივიზიას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში რუსულ მხარეს იბრძოდა, აფხაზი ახრა ავიძბა უდგას სათავეში.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა ოსურმა ბატალიონმა "სარმათმა".

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ცნობისთბის: რუსეთის კურსკში მეოთხე დღეა, შეტაკებები გრძელდება.

ხუთშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული ან ნაწილობრივი კონტროლის ქვეშ იყო კურსკის ოლქის სულ მცირე, 20 დასახლებული პუნქტი და მათ მიერ დაკავებულმა ტერიტორიამ 100 კვადრატულ კილომეტრს გადააჭარბა. წინა დღით დაკავებულ სუჯასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სიმაგრეების მშენებლობა, ხოლო ჯავშანტექნიკა აგრძელებს უკრაინიდან საზღვრის გავლით მოძრაობას რუსეთის სიღრმეში –, წერს რუსი Z-ბლოგერი (ომის მომხრე) იური კოტენოკი.

”სიტუაცია უარესდება,” - აცხადებს ასევე ომის მომხრე ბლოგერი იური პოდოლიაკა.

მისი ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ივნიცაში გამაგრება და ბრძოლებმა გადაინაცვლა კრომსკი ბიკის დასახლებაში, საიდანაც დაახლოებით 30 კმ. რჩება კურსკის ატომურ ელექტროსადგურამდე.

რუსულმა დაზვერვამ ორი კვირით ადრე იცოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი შეჭრის შესახებ, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა,– განუცხადა Bloomberg-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.

წყარო ამბობს, რომ გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვა გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა, რომელმაც, თავის მხრივ, ინფორმაცია ვლადიმირ პუტინს არ გადასცა.

იმავდროულად, უკრაინამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, დაუშვას ამერიკული შორი მანძილის ATACMS რაკეტების გამოყენება რუსული აეროდრომებზე დასარტყმელად,– იტყობინება The Washington Post უსახელო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი რაკეტების გამოყენებას დაუშვებს, ეს კიევს მისცემს „რუსეთთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტს“.

პარალელურად, რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო. თავდაპირველად ცნობა გვიან ღამით ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა გაავრცელა. დილით საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი. ლიპეცკის ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, მოსკოვიდან 370 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ლიპეცკი მეტალურგიული მრეწველობის და საავიაციო ცენტრად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან რვა კილომეტრში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომი.

გუბერნატორ არტამონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ენერგო ობიექტიც დააზიანა, რის გამოც ქალაქ ლიპეცკის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რომელი ენერგოობიექტი, არ დაუკონკრეტებია. მისი ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე, ექვსი ადამიანი.

მოგვიანებით არტამონოვმა თქვა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოთხი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აამოქმედეს. ქალაქ ლიპეცკსა და ლიპეცკის ოლქში სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს. ადგილობრივმა საწარმოებმა მიიღეს მითითება, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სამუშაო პროცესი არ განაახლონ, სანამ რეგიონში საფრთხის წითელი დონე მოქმედებს.

უკრიანული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც. შეტევა იყო ყირიმშიც.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 26 ბელგოროდის ოლქში, 19 - ლიპეცკის ოლქში, 7 - კურსკში, 5 - ბრიანსკში, 4 - ვორონეჟში, 1 - ორიოლის ოლქში, 5 - ყირიმის თავზე და 8 - შავი ზღვის აკვატორიაში.

შეტაკებები კურსკში: უკრაინელების სამი, რეალისტურად შეფასებული, მიზანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S