12-08-2024 20:31:51 ანალიზი
ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მხრიდან ისრაელზე მასშტაბური თავდასხმის მოლოდინისა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ირგვლივ მზარდი შეშფოთების ფონზე, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა ისრაელის თავდაცვის სარდლობის ბრძანების შესახებ, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში მყოფ ებრაელ სამხედროებს „უსაფრთხოების მიზნით“, ამ ორი ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებას ავალდებულებს. განიმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ირანის მუქარის ფონზე, ებრაულ სამიზნეებს უცხოეთშიც შეუტიონ.
ბრძანება ეხება როგორც ჯარისკაცებს, ისე კონტრაქტორებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანში შესაძლოა, ოჯახების მოსანახულებლად ან დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
ცხადია, შეტყობინება, გარდა ფართო რეგიონული კონტექსტისა, რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით იქცევს ყურადღებას. მათ შორისაა თავდასხმების საფრთხე და სამეზობლო კონტექსტი, რომელზეც ებრაული მედია ამგვარად მიუთითებს, "ორივე ქვეყანა [საქართველო და აზერბაიჯანი] მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ირანთან და ორივეში საკმაოდ დიდი ირანული დიასპორებიაო".
მსგავსი შეფასება შესაძლოა, მათ შორის, კავშირში იყოს უახლოეს რამდენიმე თვეში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირანში განხორციელებულ ორ ვიზიტთან, რასაც ქვეყნის შიგნითაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილის მხრიდან ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც სამეზობლო პოლიტიკას სცდება და საგარეო პოლიტიკური ვექტორის განვითარებას გულისხმობს. ეს კონტექსტია ერთის მხრივ, საქართველოს მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობები ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის – აშშ–სთან; მეორეს მხრივ – ანტიდასავლური „კლუბის“ რიგ აქტორებთან საქართველოს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ანტიდასავლური რიტორიკის თანხლებით. ამ ფონზე ერთგვარ დემარშად და დასავლეთთან ვაჭრობის მცდელობადაც შეფასდა საქართველოდან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი თეირანში. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომელიც ამ ურთიერთობებს სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში ხედავს დამოუკიდებლად საგარეო პოლიტიკური ვექტორისა და ირანთან, როგორც რეგიონის „ეკონომიკურ, პოლიტიკურ სურათზე, სამხედრო ბალანსზე“ ზეგავლენის რესურსის მქონე ძალასთან კარგი ურთიერთობების საჭიროებაზე მიუთითებს. „ირანი პოზიციურად მსუყედ არის საქართველოში წარმოდგენილი: ქვემო ქართლში, ჩვენს შიიტურ საზოგადოებაში... ძალიან ბევრ საზოგადოებრივ სეგმენტში, განსაკუთრებით, უმცირესობებში, ირანს აქვს პოტენციალი, ჩვენთვის პრობლემები შექმნას. მათ შორის, ამიტომაც გვჭირდება კარგი ურთიერთობები მასთან“,– ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მკვლევარი გიორგი გობრონიძე.
ამ ვიზიტებმა მოიტანა თუ არა რაიმე „ახალი ფაზა“ საქართველო–ირანის ურთიერთობებში, ამ ეტაპზე ხილვადი არაა, ამიტომ, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა როგორც ჩანს, მინიმუმ, განწყობა შექმნა. თუმცა არის კი ეს კავშირში ისრაელის სარდლობის გადაწყვეტილებასთან თუ არსებობს დამატებითი არასაჯარო ფაქტორები?
ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ მსგავსი ბრძანება ეხებათ აზერბაიჯანში მყოფ ებრაელ სამხედროებსაც, ხოლო სპეციალისტები მიუთითებენ აზერბაიჯან–ისრაელის ძალიან მჭიდრო სამხედრო და ხშირად, ფარულ ურთიერთობებზეც, მათ შორის – ისრაელის შეიარაღების როლზე ყარაბაღის მეორე ომში. გარდა ამისა, 2023 წელს ირანზე დრონებით განხორციელებული დარტყმებისას იყო ვერსია, რომ ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები სწორედ აზერბაიჯანიდან შეფრინდნენ ირანის ტერიტორიაზე. ამ ფონზე სრულიად განსხვავებული ურთიერთობები აკავშირებთ ბაქოს და თეირანს – „პრობლემებით დახუნძლული“, რომლებიც პერიოდულად უკიდურესად მწვავდება.
ამდენად, „ცოტა უცნაური კი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ორი ვიზიტი ირანშიო“,– ამბობს „აქცენტთან“ აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე და იქვე დასძენს, „მაგრამ არ მგონია, ეს ირანთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს ნიშნავდეს“.
„ამ შემთხვევაში ისრაელის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვხედავ“,– გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას სანიკიძე და არგუმენტად რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
ამდენად, მისი ხედვით, ამ შემთხვევაში შესაძლოა, გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს სადაზვერვო ცნობებს და იმავდროულად, „საერთო წესის აღსრულებას ამ შემთხვევაში აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ“.
მსგავს შემთხვევაში დღის წესრიგში დგება უსაფრთხოების საკითხი, თუმცა მსგავსი ოფიციალური საჯარო მოწოდება არ გაჟღერებულა მაგალითად, დიპლომატიურ მისიებთან მიმართებით.
„ზოგადად, ამერიკის და ისრაელის საელჩოები გადასულები არიან მზადყოფნის უმაღლეს რეჟიმზე, მით უმეტეს ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით“,– ამბობს ამასთან დაკავშირებით „აქცენტთან“ უსაფრთხოების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი.
ისრაელი თავდასხმის მოლოდინშია და მოლოდინი იქმნება სადაზვერვო ინფორმაციით,– გვეუბნება ალადაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ სამხედროებთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება თუ ჯერ კიდევ არ მიუღიათ, მიიღებენ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც.
შესაძლო თავდასხმების კონტექსტში იხსენებს სკანდალური საქმესაც, რომელიც საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების „ქეისად“ გავიცანით.
„ამდენად, საფრთხეები არსებობს, თუმცა ვვარაუდობ, რომ იქნება უფრო წერტილოვანი. ამასთან, ირანმა იცის, რომ მასშტაბური ტერაქტი მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს და ვფიქრობ, ეცდება ისრაელის ტერიტორიაზე განახორციელოს დარტყმები“,– მოელის ალადაშვილი. სხვა შემთხვევაში, ექსპერტის განმარტებით, სახელმწიფო ფაქტობრივად, გადადის საომარ ვითარებაში მესამე ქვეყანასთანაც, ვის ტერიტორიასაც გამოიყენებს თავდასხმისთვის – ეს დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც მიუღებელია:
„ვფიქრობ, ირანის ხელისუფლება საღად აზროვნებს და აზერბაიჯანთან და საქართველოსთან მიმართებაში ამგვარი პირდაპირი დაპირისპირების (საელჩოებზე , ვიზიტორებზე, ტურისტებზე თავდასხმების) გზით არ წავლენ“.
ამასთან, მისი ხედვით, ისრაელის სარდლობის გადაწყვეტილება თელ–ავივის დიპლომატიური სვლაც შეიძლება იყოს, რომ „ირანი წამსვლელია ამგვარ ტერაქტებზე და მსოფლიო მასმედიის ყურადღების მიპყრობაც ირანის შესაძლო არაადეკვატურ მოქმედებებზე“.
„აქცენტი“ შეეცადა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერკვია, იყო თუ არა კომუნიკაცია ისრაელის მხარესთან, თუმცა უშედეგოდ – უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. არც საქართველოში ისრაელის საელჩოში გაუკეთებიათ დამატებითი განმარტებები.