ომბუდსმენი VS იუსტიციის მინისტრი – რას ამბობს და ვის მხარესაა კანონი

24-01-2020 16:41:32 პოლიტიკა ,სამართალი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ განვითარებული მოვლენებს ომბუდსმენზე ზემოქმედების მცდელობის კვალიფიკაცია მისცა და სისხლის სამართლის საქმის აღძრვა მოითხოვა. საუბარია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ლომჯარიას „მატროსოვის ციხეში“ ვიზიტისა და შეხვედრების შესახებ დეტალების განსაჯაროებაზე.

სახალხო დამცველი სსკ–ის 352 მუხლზე მიუთითებს, რომელშიც სახალხო დამცველზე ზემოქმედებისთვის სასჯელის ზომებზეა საუბარი.

აღნიშნული მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით; ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების სამ წლამდე ვადით ჩამორთმევით, ან უამისოდ.

ჯერ კიდე გუშინ სახალხო დამცველმა აღნიშნული მუხლის დარღვევაში უშუალოდ იუსტიციის მინისტრი დაადანაშაულა, თქვა რა, რომ იცნობს პენიტენციური სისტემის მუშაობის მეთოდს:

"ვიცი რა, როგორ მუშაობს სისტემა, დარწმუნებული ვარ, მინისტრის გარეშე პენიტენციური სამსახური არ გაავრცელებდა განცხადებას. ვცი, რომ ჩემი შესვლიდან 15 წუთში მოვიდა ჟურნალისტი. არ მინდა, იფოქროთ, რომ ვსაყვედურობ ჟურნალისტებს. ამ შეხვედრის შესახებ არავინ იცოდა, ჩემმა თანამშრომლებმაც კი".

გუშინ ომბუდსმენმა თქვა ისიც, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერიდება დანაშაულის ჩადებას:

„ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, რომ დღეს იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სახალხო დამცველზე მიყურადებას, თვალთვალს და არ ერიდება დანაშაულის ჩადენას ... არ ვიცი, რატომ დაკარგა იუსტიციის მინისტრმა სახე და რატომ სჩადის დანაშაულებს. არ მაქვს ახსნა, ეს რა მოვლენაა".

უცნობია, მისცემს თუ არა მოვლენას საგამოძიებო უწყება იგივე კვალიფიკაციას და გამოიხატება თუ არა ეს შესაბამის ქმედებაში. სახალხო დამცველმა კი დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აყალიბებს საკუთარ არგუმენტაციას, თუ რატომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე:

„საქართველოს სახალხო დამცველს სურს, გამოეხმაუროს 2020 წლის 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის-იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტს.

გვსურს, ყველას შევახსენოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობა ეფუძნება ისეთ უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ პრინციპებს როგორიცაა, სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლების ნებისმიერი შტოსგან, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საქმიანობის განხორციელების დროს კონფიდენციალურობა. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომლის არსებობა 25 წელს ითვლის, სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვით საქმიანობს. მანდატის ბუნებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მოწოდებული როგორც ინფორმაცია, ისე კონკრეტულ პატიმართან შეხვედრის სხვა დეტალები, უნდა იყოს კონფიდენციალური.

ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფის გარდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგაშოა, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის განმავლობაში ამგვარ ქმედებას პირველად რომ ჰქონდა ადგილი:

„იმ საკითხის გასაჯაროება თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების განხორციელების რისკს, იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა აიძულოს პატიმრები თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და მასთან შეხვედრისგან. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ყველა პატიმარს გაუჩნდება ეჭვი, რომ მათი და სახალხო დამცველის შეხვედრის დეტალებს მეთვალყურეობს იუსტიციის სამინისტრო/პენიტენციური სამსახური და ის ნებისმიერ დროს შესაძლებელია გასაჯაროვდეს უწყების მიერ.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის მიხედვით, სახალხო დამცველი წარმოადგენს ქვეყანაში პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. ოქმის 21-ე მუხლის მიხედვით, პირადი მონაცემები არ უნდა გამოქვეყნდეს დაინტერესებული მხარის მკაფიო თანხმობის გარეშე.

ის საკითხი, თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს.გუშინდელი განცხადება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გაგრძელებას. სახიფათო და დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის მიერ ისეთი უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, როგორსაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სადაც სასჯელს იხდიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მსოფლმხედველობის პირები. მოცემულ ფაქტს უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივი სამართლებრივი რეაგირება და ყველა ის პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელმაც სცადა სახალხო დამცველზე ზემოქმედება მისი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით.

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით და პასუხისმგებლობაში მისცეს შესაბამისი პირები მათი თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად“.

სახალხო დამცველს განცხადებითვე უპასუხა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია, "საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა". ამასთან უწყება არ იზიარებს უმბუდსმენის არგუმენტაციას.

„23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (…) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი. რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.

და ბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.

ასევე, 2019 წლის პირველ მარტს, სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი აპარატი არაერთხელ შეხვდა გიორგი მამალაძეს, რითაც დაადასტურა საზოგადოებისათვის ცნობილ პირთან საპატიმროში შეხვედრის ფაქტი.

სახალხო დამცველმა ასევე ღიად დაასახელა 2020 წლის 8 იანვარს იმავე მსჯავრდებულის გვარი და სახელი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ და ამით დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.

იმ სახალხო დამცველებთან მიმართებაში, რომლებიც 2017 წლამდე იკავებდნენ მოცემულ თანამდებობას, ასევე შესაძლებელია უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა, როდესაც ისინი, შეხვედრის დეტალების გამჟღავნების გარეშე, ადასტურებდნენ საკუთრივ შეხვედრის ფაქტს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პატიმრებთან ან დაკავებულ პირებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი პატიმრებთან და 2020 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებისდაგვარად მეტი პატიმრის შეხვედრის სურვილს უპასუხებს დადებითად”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები